ბადრი ჯაფარიძე - შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას იმ პრობლემებზე, რაც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას და რომელთა აღმოფხვრის გზებსაც შევთავაზებთ „ქართულ ოცნებას“
ბადრი ჯაფარიძე - შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას იმ პრობლემებზე, რაც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას და რომელთა აღმოფხვრის გზებსაც შევთავაზებთ „ქართულ ოცნებას“

დღეს შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას იმ პრობლემებზე, რაც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას და რომელთა აღმოფხვრის გზებსაც შევთავაზებთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმაც თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს.

„ჩვენ სასამართლო რეფორმის არა მხოლოდ ხედვა გვაქვს, არამედ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დავარეგისტრირეთ. ეს არის ძალიან სერიოზული კანონპროექტი, რომელიც გამოსავალია იმ ვითარებაში, სადაც დღეს ვიმყოფებით. დღეს შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას იმ პრობლემებზე, რაც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას და რომელთა აღმოფხვრის გზებსაც შევთავაზებთ „ქართულ ოცნებას“. მმართველმა გუნდმა თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს და ვნახოთ, სად არის გადაკვეთის წერტილები. თუ ეს წერტილები იქნება რაღაც ნაწილზე, შევეცდებით, საკანონმდებლო ინიციატივების გზით სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები აღმოვფხვრათ.

ჩვენ წარვადგენთ არა მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებს, არამედ დასაბუთებულ არგუმენტებს სისტემაში არსებულ პრობლემებზე. სასამართლო რეფორმას, რომელსაც ჩვენი მეგობრები ითხოვენ, არის გასაღები იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს, ნაბიჯი გადადგას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით. შარშან ქვეყანამ 300 მილიონი ლარი დაკარგა იმის გამო, რომ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდა, რისი პასუხისმგებლობაც აღებული ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. თითოეული ჩვენგანი გაცილებით მეტს დავკარგავთ, თუ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდება, რასაც ჩვენგან დასავლელი პარტნიორები ელოდებიან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს, რომელზეც სასამართლო რეფორმაზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გატარებულ რეფორმებს შეაფასებს, ასევე მოამზადებს საკუთარ ხედვას.