ბადრი ჯაფარიძე - შეხვედრაზე ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შევთანხმდით, „ქართული ოცნება“ პირველი მოსმენით საკუთარ ვერსიას გაიტანს
ბადრი ჯაფარიძე - შეხვედრაზე ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შევთანხმდით, „ქართული ოცნება“ პირველი მოსმენით საკუთარ ვერსიას გაიტანს

„ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე, სადაც უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობდნენ, შეთანხმება ვერ შედგა.

ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება“ პირველი მოსმენით საკუთარ ვერსიას გაიტანს, რომელსაც სავარაუდოდ, ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტთან შესაბამისობაშია ოპოზიციის ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ამნისტიის გავრცელებას ორ მუხლზე გულისხმობს და ამასთან, საჭიროა დაზარალებულის თანხმობაც.

„შეხვედრაზე ვერ შევთანხმდით. ვერ შევთანხმდით ჩვენს პროექტზე, რომელიც სრულ შესაბამისობაშია შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან. ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. „ქართული ოცნების“ ვერსიით, ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლითაც დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება საქმე შემდგომში აღიძრას. გარდა ამისა, ჩვენი პროექტის შემთხვევაში, საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის. ჩვენი პროექტით, საჭირო არ არის ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ასეთი თანხმობა საჭიროა და პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას რიგი ჩვენი შენიშვნებისა გათვალისწინებული იქნება, მაგრამ დღეს, პირველი მოსმენით, სესიაზე თავიანთი პროექტის გატანას აპირებენ.

„ქართული ოცნება“ პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით საკუთარ ვერსიას გაიტანს, რომელიც დიდი ალბათობით, ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. შარლ მიშელის დოკუმენტთან სრულ შესაბამისობაშია ოპოზიციის კანონპროექტი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.