ბადრი ჯაფარიძე - შარლ მიშელთან ძალიან შინაარსიანი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა
ბადრი ჯაფარიძე - შარლ მიშელთან ძალიან შინაარსიანი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა

„ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ძალიან შინაარსიანი, კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდათ.

მისი თქმით, უახლოესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის უმაღლესმა თანამდებობის პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის, ხალხის უპირობო მხარდაჭერა და ის, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას.

„ევროკავშირი ყველა იმ ნაბიჯს უჭერს მხარს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას უმწვავესი რეგიონული გამოწვევების ფონზე. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა. რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას და მისი შესრულების პროცესს. იყო აბსოლუტურად ღიად დემონსტრირებული, როგორ არღვევს „ქართული ოცნება“ შეთანხმებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში, ასევე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა გადადებული, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა, საკონსტიტუციო ცვლილებებიც გადადებულია გარკვეული პერიოდით, ასევე გადაიდო ძალაუფლების განაწილების შესახებ შეთანხმების მუხლის იმპლემენტაცია. გვქონდა ძალიან კარგი, კონსტრუქციული საუბარი. პრეზიდენტი მიშელი გააგრძელებს მის ჩართულობას ამ პროცესში, რათა შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა, განხორციელდეს. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს, ქვეყანას და რაც მთავარია რეგიონული გამოწვევის ფონზე და ეს ითქვა ცალსახად, ამ შეთანხმების იმპლემენტაცია არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუშვას ამ შეთანხმებიდან გადახვევა და განახორციელოს ყველა ნაბიჯი.

„იმ შემთხვევაში, თუ გააგრძელებს და უკვე ერთი უმნიშვნელოვანესი დარღვევაა, თქვენ იცით, რომ ევროკავშირისთვის სასამართლო რეფორმა არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ამ შეთანხმებაში, ამ რეფორმის განხორციელება არის 75 მილიონი ევროს ტრანშის გამოყოფის აუცილებელი პირობა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ნაბიჯები საფრთხეში აგდებს ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას. ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ დახმარებას ჩვენი ქვეყნისადმი. ამიტომ იმედი გვაქვს,, პრეზიდენტ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, შეასრულოს ყველა პირობა, რომელიც არის შეთანხმებით გათვალისწინებული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.