ბადრი ჯაფარიძე - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას დადებითად ვაფასებ, „ლელო საქართველოსთვის“ მზად არის, თანხმობის მიღწევაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს
პრეზიდენტის ინიციატივას დადებითად ვაფასებ. მიმაჩნია, რომ მოცემულ ძალიან მძიმე ვითარებაში ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მას ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი აქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ თანხმობის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ახლა უნდა იფიქრონ გზებზე, როგორ შეიძლება, რომ ეს ინიციატივები კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ გარდაისახოს ეს ინიციატივები კონკრეტულ ნაბიჯებში. რეკონსილაცია, თანხმობა ქვეყანას სჭირდება. საზოგადოებას სჭირდება თანხმობა და ჩვენ, „ლელო საქართველოსთვის“ მზად ვართ, მივიღოთ ძალიან აქტიური მონაწილეობა თანხმობის მიღწევაში, თუმცა გვესმის, რომ ამ გზაზე ბევრი წინააღმდეგობა იქნება. პროცესში მონაწილეობის მისაღებად მმართველი ძალის სურვილი და მზაობა აუცილებელია, მაგრამ თავისთავად პრეზიდენტის ეს ინიციატივა უკიდურესად პოზიტიური და ძალიან მნიშვნელოვანი, დადებითი იმპულსების მატარებელია. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ კონკრეტულ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, „ლელო“ ყველა შესაძლო რესურსით თანხმობის მისაღწევად პროცესებს ხელს შეუწყობს.
„ჩვენ ყველა შესაძლო რესურსით მხარს დავუჭერთ თანხმობის მიღწევის პროცესის დაწყებას. თანხმობა იმას კი არ ნიშნავს, ყველა ერთ პოზიციამდე მივიდეთ, ჩვენ შორის არის ფუნდამენტური განსხვავება, მაგრამ ქვეყნის ინტერესები ჩვენს პირად სიმპათია-ანტიპათიასა და ჩვენს პარტიულ ინტერესებზე წინ უნდა დავაყენოთ. ამიტომ, მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მთავარია საზოგადოების გამთლიანება – ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ყველასთვის. ეროვნული თანხმობის იდეა მესმის ზუსტად ისე, როგორც ჟღერს. როდესაც ვთანხმდებით ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ თემებზე, ეს არის უსაფრთხოების საკითხი, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისა და პოლიტიკური დევნის დასრულება, ეკონომიკის სტიმულირების, დღევანდელი სასამართლო სისტემის საკითხი, რაც მთავარია, სიძულვილის, ერთმანეთის განადგურებისკენ მიმართული პოლიტიკის დასრულება – ყველაფერი, რაც აღელვებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს საზოგადოებას. მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ძალაუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა ცდილობს მის წინ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის განადგურებას. შემდეგ თუ ხდება ჩანაცვლება ახალი ხელისუფლებით, იმავეს იმეორებს ხელისუფლება, ამიტომ ეს ურთიერთგანადგურების პოლიტიკა უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში გუშინ უმასპინძლა, რა დროსაც პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების ინიციატივით გამოვიდა.