ბადრი ჯაფარიძე - სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნა მმართველი ძალის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა
ბადრი ჯაფარიძე - სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნა მმართველი ძალის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა

სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნა მმართველი ძალის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სახეზეა, სამწუხაროდ, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნა მმართველი ძალის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა, რომელიც ქვეყანას მიაქანებს დესტაბილიზაციისა და ქაოსისაკენ. ჩვენ ერთად უნდა შევჯერდეთ, რა იქნება ამ ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის ოპტიმალური გამოსავალი, რომელიც ვერ შეეგუება მისთვის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის მოსპობას.

ამ გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ყველა ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ვფიქრობ, უნდა მოვახერხოთ საზოგადოებაში შევქმნათ განცდა, რომ თუ სადმე არსებობს დესტაბილიზაციის განცდა, ეს გახლავთ მმართველ ძალაში და ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს მმართველი ძალა, იქნება ქვეყნის უფსკრულისკენ გადაჩეხვისკენ მიმართული. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით? ჩვენ უნდა ვნახოთ, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი შექმნილ ვითარებაში. ახალგაზრდები არ აპირებენ შეეგუონ ამ გადაწყვეტილებას. „ლელო“ არის ამ ახალგაზრდებთან, ხალხთან ერთად“,- აცხადებს ჯაფარიძე.

მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

„ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნები ერთ-ერთი გამოსავალი იქნება. შეიძლება საჭიროც გახდეს, რაც შეიძლება გონივრულ ვადებში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რათა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, გამოხატოს დამოკიდებულება ამ ძალის ან სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ. ჩემი აზრით ეს აუცილებელია“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.  საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.