ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ყოფილი თუ დღევანდელი ლიდერები ტყუილების კასკადში ეჯიბრებიან ერთმანეთს
„ქართული ოცნების“ დამახასიათებელი ხელწერა არის ტყუილი. იქნებიან ყოფილი ლიდერები თუ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერები, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან ტყუილების კასკადში, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გიორგი გახარიასა და კახა კალაძის შეხვედრის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ერთადერთი ამოცანაა, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს.
„ყველა მათგანი არის პასუხისმგებელი იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ქვეყანა არის. მათ შორის ყოფილი ლიდერები და გახარია, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი, მას ეკისრება პასუხისმგებლობა ბევრ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულ იქნა მისი პრემიერობის პერიოდში. ასევე „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერებს, რომლებიც გამორჩეული არიან ტყუილების გავრცელებაში, ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაში – ეს არის მათი გამორჩეული ხელწერა. ასე რომ, მათ შორის დავაში არანაირი შეფასების როლი არ მინდა, რომ გვქონდეს ჩვენ, ოპოზიციას, რომლის ამოცანაა ქვეყნის გამოყვანა ამ კრიზისიდან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან შედგა შეხვედრა. მისივე თქმით, შეხვედრა თბილისის მერიის შენობაში გაიმართა.
ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტი არ დაადასტურა.