ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიციურ პარტიებთან ვრჩებით დიალოგის რეჟიმში, რათა შევაჯეროთ პოზიციები თბილისში საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით
ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიციურ პარტიებთან ვრჩებით დიალოგის რეჟიმში, რათა შევაჯეროთ პოზიციები თბილისში საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, დათმონ თბილისში ექვსი მაჟორიტარული ოლქი, დადებითად აფასებს.

მისივე თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ არ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში იმ პარტიებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ, შეჯერებულიყვნენ თბილისში, საარჩევნო ოლქებში ერთიანი კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით.

ჯაფარიძე ამბობს, რომ რჩებიან ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის რეჟიმში, რათა თბილისში საარჩევნო ოლქებზე პოზიციები შეაჯერონ.

„ჩვენ ამ პროცესის მონაწილე არ ვიყავით, შესაბამისად ვერ გეტყვით ყველა იმ დეტალს, რაც ხელს უშლიდა ამ შეთანხმებას. თუმცა ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ეს შეთანხმება ზოგადად არსებობდა ამ პარტიებს შორის. შემდგომ მოხდა სხვა განვითარება. ახლა ეს ინიციატივა, რაც გააჟღერა მელიამ, მე არის დადებითი ინიციატივა.

„ლელო საქართველოსთვის“ ვრჩებით დისკუსიის რეჟიმში ოპოზიციურ პარტიებთან, დიალოგის რეჟიმში იმისთვის, რომ შევეცადოთ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები თბილისში საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თუ ეს შეთანხმება შედგება, სხვადასხვა პარტიებს შორის მაჟორიტარულ ოლქებში ზოგადად კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით, სიამოვნებით გავაგრძელებთ დისკუსიებს. არგუმენტებს მოვისმენთ, ჩვენ არგუმენტებს გავუზიარებთ და შევეცდებით, რომ ისეთ ფორმულაზე შევჯერდეთ, რომელიც უზრუნველყოფს თბილისში ყველა მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხებას, პირველივე ტურში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რვა მაჟორიტარულიდან ექვს ოლქს თმობს და საარჩევნო კამპანიას მხოლოდ სამგორსა და გლდანში იწყებს.