ბადრი ჯაფარიძე - ფილიპ რიკერს გავაცანით ჩვენი პოზიცია, თუ რატომ მივიჩნევთ არჩევნებს გაყალბებულად, მნიშვნელოვანია, რომ აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რათა მოვახერხოთ შეთანხმება
ბადრი ჯაფარიძე - ფილიპ რიკერს გავაცანით ჩვენი პოზიცია, თუ რატომ მივიჩნევთ არჩევნებს გაყალბებულად, მნიშვნელოვანია, რომ აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რათა მოვახერხოთ შეთანხმება

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი ბადრი ჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან პოლიტიკური პარტიების შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ შედგა ღია საუბარი, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რატომ მიიჩნევენ არჩევნებს გაყალბებულად.

ჯაფარიძის თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები დარჩეს აქტიური ამ პროცესში, რათა მოხერხდეს შეთანხმების მიღწევა.

ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, მათი პოზიცია იგივეა – მზად არიან, იმუშაონ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რათა ახალი არჩევნების დანიშვნას მიაღწიონ და განიმუხტოს კრიზისი.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და კარგი საუბარი, გავაცანით ჩვენი პოზიცია, თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად. ჩვენ მოვისმინეთ ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები როგორ აპირებს, ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას.

მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები დარჩეს ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რათა ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა. შეთანხმების, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ არ ვასაჯაროებთ საუბრების დეტალებს, ეს არის ჩვენი შეთანხმება. ჩვენი პოზიცია არის იგივე, მზად ვართ, ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რათა მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას. ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ასევე, შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობების პირობებში, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს და გაყალბებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, ბადრი ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება მათ შეფასებას ემთხვევა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან ყურადღებით წავიკითხე. განცხადებაში არის აღნიშნული, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი და პრაქტიკულად არ დარჩენილა დარღვევა, რომელიც შესაძლებელია, იყოს არჩევნების დროს და რომელიც არ არის აღნიშნული სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ამიტომ მინდა, გითხრათ, რომ არჩევნების ჩვენი შეფასება ემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ შეფასებას.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ ამ არჩევნების შედეგების საფუძველზე პარლამენტში შესვლას, ეს პოზიცია არის მყარი. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას და განიმუხტოს კრიზისი“, –  განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.