ბადრი ჯაფარიძე - მზად ვართ, დავიწყოთ კონსულტაციები პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, რომ მოვისმინოთ, რატომ შეიქმნა უმძიმესი კრიზისი
ბადრი ჯაფარიძე - მზად ვართ, დავიწყოთ კონსულტაციები პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, რომ მოვისმინოთ, რატომ შეიქმნა უმძიმესი კრიზისი

მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, თუ „ქართული ოცნების“ სურვილი იქნება, რომ მოვისმინოთ, რატომ შეიქმნა ასეთი უმძიმესი კრიზისი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სხდომაზე განხილული იყოს, რა ხდება სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით, რა ხდება „ქართლში“, ოპოზიცია მზად არის ამისთვის.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუკი „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას, ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი იქ მოვა, რადგან საქმე ეხება ჩვენს თანამოქალაქეებს და იმ კრიზისს, რომლიც შეიქმნა სოციალურ სფეროში. „ქართული ოცნების“ მართვის შედეგი, ის, რაც დღეს ხდება, როდესაც სიამაყით არის საუბარი, რომ „400 ლარს ვთვაზობთ და არ გვთანხმდებიან“. გავიდა 10 წელი, რაც მმართველობაშია „ქართული ოცნება“ და ახლა საუბარია, რომ იქნებ როგორმე 400 ლარი ხელფასი დაენიშნოს სოცმუშაკს. ეს არის სწორედ არაკომპეტენტური მართვის შედეგი. თუ წინა მთავრობა ვერ უვლიდა დევნილების პრობლემას, 10 წელი გავიდა, ახლა ამათმა რა გააკეთეს? „ქართულმა ოცნებამ“ რას მიაღწია დევნილებთან მიმართებაში? – მიაღწია იმას, რომ დღეს არის სოციალური მუშაკების გაფიცვა.

მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები, ხელისუფლებასთან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, თუ „ქართული ოცნების“ სურვილი იქნება, რომ მოვისმინოთ, რატომ შეიქმნა ასეთი უმძიმესი კრიზისი. ოპოზიციას შეუძლია, დაიბაროს მინისტრი, მაგრამ მინისტრს შეუძლია, სრული უგულებელყოფა მოახდინოს, რაც არაერთხელ ვნახეთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.