ბადრი ჯაფარიძე - მომავალი ელჩის განცხადება არის აშშ-ის პოლიტიკის შესაბამისი განცხადება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ამერიკა გააგრძელებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერას
ბადრი ჯაფარიძე - მომავალი ელჩის განცხადება არის აშშ-ის პოლიტიკის შესაბამისი განცხადება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ამერიკა გააგრძელებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერას

არანაირი ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მცდელობა, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა რობინ  დანიგანის განცხადებაზე, რომ ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, იმუშავებს საქართველოს მთავრობასა და ხალხთან, რათა დაეხმაროს ევროკავშირთან, ნატო-სთან ინტეგრაციის სურვილის განხორციელებაში.

„ეს არის აბსოლუტურად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის შესაბამისი განცხადება, რომელიც მომავალმა ელჩმა გააკეთა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მხარდაჭერას ისევე, როგორც ამას ახორციელებს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. შესაბამისად, მიუხედავად იმ სამარცხვინო კამპანიისა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, შეერთებული შტატები რჩება ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულ მეგობრად და პარტნიორად, რომელიც გააგრძელებს ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების სრულ მხარდაჭერას და ეს თქვა მომავალმა ელჩმა. შესაბამისად, არანაირი ცვლილება ამ პოლიტიკაში არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის მხრიდან არის მცდელობა, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე ერთგული მეგობარი, რომელიც მთელი ამ პერიოდში განმავლობაში ზრუნავს იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოება გაიზარდოს, ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.

„ეს არის სწორედ შეერთებული შტატების ძალისხმევის მთავარი მიზანი, რომ საქართველო იყოს უსაფრთხო და ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ამიტომ ყველა იმ დემაგოგის ძალისხმევა – და, სამწუხაროდ, ამას ხშირად „ქართული ოცნების“ სპიკერები აკეთებენ, რომლებიც ცდილობენ, მიაყენონ ზიანი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უახლოეს, უმჭიდროეს პარტნიორობას – ვერ განხორციელდება წარმატებულად, რადგან ქართველმა ხალხმა იცის, თუ რაოდენ დიდ როლს თამაშობს საქართველოსა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეერთებული შტატები და ეს ძალისხმევა ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან გაგრძელდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.