ბადრი ჯაფარიძე - მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას, რათა ქვეყანაში დადგეს ცვლილებები, რომლებიც სჭირდება თითოეულ მოქალაქეს
ბადრი ჯაფარიძე - მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას, რათა ქვეყანაში დადგეს ცვლილებები, რომლებიც სჭირდება თითოეულ მოქალაქეს

მანდატის გარეშეც გავაგრძელებ ბრძოლას, რათა ქვეყანაში დადგეს ცვლილებები, რომლებიც სჭირდება თითოეულ მოქალაქეს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტაზე არ შეამცირებს მათ ძალისხმევას, ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისიდან. მისი თქმით, პირიქით გააძლიერებს მოტივაციას, რათა გაგრძელდეს ბრძოლა ქვეყნის ნათელი მომავლისთვის და ევროპულ ოჯახში დასაახლოებლად.

„მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოვაწერე ხელი, ასევე ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შეწყდა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილება. ახლა ეს თუ განმეორდა, ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იგივეს განხორციელება, ოღონდ ამ შემთხვევაში ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება პუნქტები. თუმცა, ჩემთვის შინაარსობრივად არაფერს ცვლის, რადგან ჩვენი ამოცანა, სულისკვეთება არ შეიცვლება, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები ამ პარლამენტში, პარლამენტის გარეთ, ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები არიან ჩემი მთავარი პრიორიტეტი და მანდატის გარეშეც მე გავაგრძელებ ბრძოლას, რათა ქვეყანაში დადგეს ცვლილებები, რომლებიც სჭირდება თითოეულ მოქალაქეს. ქვეყანა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს, ეს მდგომარეობა იწვევს საბოლოო ჯამში, სრულ ნიჰილიზმს ჩვენს მოქალაქეებში, ჭაობში დარჩენა ნიშნავს ჭაობში ჩაძირვას და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.