ბადრი ჯაფარიძე - მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დატოვებაზე გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც გადაწყვიტა, დათანხმებულიყო მერობის მოადგილის კანდიდატობას, ის აპირებს, მუშაობა გააგრძელოს პარლამენტს გარეთ
ბადრი ჯაფარიძე - მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დატოვებაზე გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც გადაწყვიტა, დათანხმებულიყო მერობის მოადგილის კანდიდატობას, ის აპირებს, მუშაობა გააგრძელოს პარლამენტს გარეთ

მამუკა ხაზარაძე აპირებს, რომ გააგრძელოს კოალიციის გაძლიერება-გაფართოვებაზე მუშაობა პარლამენტს გარეთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში ვინც რჩებიან, აპირებენ, აქტიური საქმიანობა განაგრძონ და პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენონ.

„დავინახეთ, რომ კოალიციის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებაა, ეს უნდა გაფართოვდეს და გაძლიერდეს. ხაზარაძის ძალისხმევა იქნება ამისკენ მიმართული. ვაპირებთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ უმსგავსობას, რაც 30 oქტომბერს ვნახეთ. ეს წინააღმდეგობა იქნება პარლამენტის შიგნით, მის გარეთ. პარლამენტში ვინც ვრჩებით, ვაპირებთ ჩვენი აქტიური საქმიანობა გავაგრძელოთ, რომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც გამომდინარეობდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან, ეს საკითხები წამოვწიოთ და ვამხილოთ ის, რაც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიგვაჩნია. ვაპირებთ, პარლამენტის ტრიბუნა ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ. როცა მამუკამ გადაწყვიტა, დათანხმებულიყო მერობის მოადგილის კანდიდატობას, მაშინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ პარალამენტს დატოვებდა, რაც გუშინ გაახმაურა, გაასაჯაროვა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათი ამოცანაა, ფრაქცია „ლელო-საქართველოსთვის“ გაფართოვდეს და ახალი წევრები დაემატოს. როგორც ჯაფარიძე ამბობს, საკითხზე უკვე დაწყებულია კონსულტაციები.

„რაც შეეხება ფრაქციას, ჩვენ გვაქვს განზრახვა, გავაფართოოთ ფრაქცია და ამაზე ვმუშაობთ. როცა კონკრეტული წევრი გაჩნდება, შეგატყობინებთ. ჩვენი ამოცანაა, ფრაქცია გაფართოვდეს და გაძლიერდეს. კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, როცა გვეყოლება, გეტყვით. კონსულტაციები უკვე დაწყებულია“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს.

რაც შეეხება მერობის მოადგილის კანდიდატურას, 20 ოქტომბერს ე.წ. კოალიციური გუნდის წარდგენისას ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მერობის შემთხვევაში, მისი მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნებოდა.

დატოვე კომენტარი