ბადრი ჯაფარიძე - იმ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ვართ მე და მამუკა
ბადრი ჯაფარიძე - იმ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ვართ მე და მამუკა

ასეთი არის აბსურდული ბრალდება, დაუსაბუთებელი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა, რომელიც უტოლდება ბრალდებებს, როგორიც არის ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრა ან სხვა მსგავსი რაიმე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის დავალებით, , – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მას და მამუკა ხაზარაძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიებად 700 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ამასთან ჟურნალისტებთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძეს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს დავალების გამცემად.

„არ მინდა ამაზე სპეკულირება ამასთან დაკავშირებით. განსხვავებით პროკურატურისგან, თუ მტკიცებულება არ მაქვს, არ ვდებ ბრალს არავის. ჩანს პირდაპირ, რომ არ არის სამართლიანობის გარკვევის სურვილი. გამოკვეთილად არის პირდაპირ, რომ ამ ორ ადამიანს მივაყენოთ ზიანი, შევუზღუდოთ საქმიანობა გამოვიყვანოთ წონასწორობიდან. არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება. დღეს რაც მოვისმინე, მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის ბრძოლა. ყველამ დავინახეთ, რომ ასეთი ბრალდებები მომავალში არავის მიმართ არ უნდა იყოს. ეს არის იმდენად დიდი ზიანის მიყენება ქვეყნისთვის, რომ ამის დაშვება აღარ შეიძლება.

გვინდა, ეს ვაქციოთ პრეცედენტად, რომ ეს იყოს ბოლო შედეგი. დაზარალებული არავინ არ არის, მაგრამ ბრალში წერია საინტერესო რამ, თურმე მე და მამუკა ხაზარაძემ მივაცემინეთ სესხი ისეთ ბანკს ისეთ კომპანიაზე, რომელსაც ეკუთვნოდა სესხის აღება, მერე მან გვასესხა ეს ფული. ეტყობა ვიცოდით, რომ რუსეთის არმია შემოიჭრებოდა 2008 წლის აგვისტოში. შესაბამისად, ეს განსაზღვრული გვქონდა, რომ ქვეყანა გაკოტრდებოდა და ამის შედეგად ზიანი მიადგა ბანკს. ბანკის 80% გვქონდა მე და მამუკას, იმ საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ვართ მე და მამუკა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ათასი ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.