ბადრი ჯაფარიძე - გვაქვს სრული მხარდაჭერა ამერიკელი მეგობრების მხრიდან და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება
ბადრი ჯაფარიძე - გვაქვს სრული მხარდაჭერა ამერიკელი მეგობრების მხრიდან და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება

გვაქვს სრული მხარდაჭერა ამერიკელი მეგობრების მხრიდან და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ხშირი იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სენატორებთან შეხვედრაზე შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ქვეყნისთვის არის მართლაც გამოკვეთილი. ეს არის ნატო-ში გაწევრიანება, საგარეო გამოწვევები, ეს არის შიდა გამოწვევები, მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ განიხილება, როგორც გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

გვქონდა ძალიან შინაარსიანი და კარგი საუბარი. უნდა ითქვას, რომ ისეთი საკითხები, როგორიც არის ნატო-ში გაწევრიანება იმ ფორმულით, როდესაც შესაძლებელია, ჩვენ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ოღონდ მეხუთე მუხლი არ ამოქმედდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ამოქმედდება მაშინ, როცა მოხდება ამ რეგიონების რეინტეგრირება ჩვენს ქვეყანაში – ეს თემაც იყო განხილული. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მოლაპარაკებებმა რუსეთთან, ჟენევის ფორმატში აიწიოს დონე და სახელმწიფო მდივნის დონეზე მოხდეს ამ პრობლემის განხილვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დავძრათ ეს დეოკუპაციის უმნიშვნელოვანესი თემა. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამერიკელი მეგობრების მხრიდან და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ხშირი იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ამერიკელი მეგობრები თვალს ადევნებენ არა მხოლოდ შეთანხმების შემდგომ პერიოდს, არამედ ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა აიღეს.

„ჩვენი მეგობრები თვალს ადევნებენ არა მხოლოდ შეთანხმების შემდგომ პერიოდს, არამედ იმას, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც აღებულ იქნა ამ ხელშეკრულებით „ქართული ოცნების“ და ყველა იმ მხარის მიერ, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას, იქნეს სრულად შესრულებული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისა და სენატორების რობ პორტმანისა და ჯინ შაჰინის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.