ბადრი ჯაფარიძე - გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მამუკა ხაზარაძეს საერთოდ არაფერი არ გადაუხდია, კონსორციუმმა გადაიხადა არბიტრაჟის მოსაკრებლის ფული
ბადრი ჯაფარიძე - გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მამუკა ხაზარაძეს საერთოდ არაფერი არ გადაუხდია, კონსორციუმმა გადაიხადა არბიტრაჟის მოსაკრებლის ფული

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მამუკა ხაზარაძეს საერთოდ არაფერი არ გადაუხდია, კონსორციუმმა გადაიხადა არბიტრაჟის მოსაკრებლის ფული, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„„ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა ათეულობით მილიონი ლარი იურიდიულ მომსახურებაზე და ამაზე სიტყვას არ ამბობს. ეს ფული საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ დღეს, ახლა ანაკლიის პორტი მუშაობდეს გამართულად. ამიტომ ახლა ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ხრიკი, რომ ამაზე მთელი დღე იყოს საუბარი, არარსებულ თემაზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეკითხვაზე, უნდა დაეცვა თუ არა სახელმწიფოს რეპუტაცია, როცა საუბარია ინვესტორებზე და უნდა მიღო თუ არა იურიდიული მომსახურება, ჯაფარიძემ თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მსოფლიო მასშტაბით რეპუტაცია ნამდვილად ვერ დაიცვა.

კითხვაზე, გაჩერდა თუ არა მშენებლობის პროცესი დავის გამო, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს დავასთან არანაირ კავშირში არ იყო.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ გაასაჩივრეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმებიან, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ საჩივრდება. გადაცემის წამყვანმა სტუმარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება შეახსენა, რომ არის შემთხვევები, როდესაც გადაწყვეტილება არ საჩივრდება, თუმცა ამ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, რომ მომხდარიყო გადაწყვეტილების გასაჩივრება, რაზეც ჯაფარიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტრო სპეციალურად ჟონგლიორობს.

მაკა ცინცაძემ ბადრი ჯაფარიძეს შეახსენა, რომ ისინი ზარალის ანაზღაურებას, ანუ ბიუჯეტისგან ოთხი მილიარდი ლარის გადახდას ითხოვდნენ, რაც ჯაფარიძემ უარყო და თქვა: „არა, ეს არის ტყუილი ციფრი, არ გაიმეოროთ. ეს მცდარია, ტყუილია. იყო გათვლილი და, საბოლოოდ, ეს ციფრი იყო 500 მილიონი დოლარი, რაც არის ღირებულება პროექტის. ეს ტყუილია, ღარიბაშვილი ავრცელებდა მაგას. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ „ქართული ოცნების“ იურისტებთან“.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი არჩევნები არის არა მათი გეგმა, არამედ ქვეყნისთვის გადაუდებელი აუცილებლობა.

მისი თქმით, კონსტიტუციაში სიტყვა სიტყვით წერია, რომ 100 დეპუტატის უფლებამოსილება უნდა იქნეს ცნობილი, რათა პარლამენტი იყოს სრულფასოვანი და იფუნქციონიროს.

„ასი წევრის უფლებამოსილების ცნობა არის აუცილებელი პირობა, დღეს კი გვყავს 89 ადამიანი იქ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ზურა გირჩი ჯაფარიძის პოზიციას და პოლიტიკურ სტრატეგიას, რომელმაც საკმაოდ მძიმე განცხადებები დაწერა სოციალურ ქსელში და არჩევნების დანიშვნისთვის ოპოზიციას ერთგვარი გზამკვლევი შესთავაზა, სადაც ის ამბობს, რომ უნდა შეწყდეს ყველანაირი საერთაშორისო დახმარებები და გარე სესხები, რომ საჭიროა სექტორული ეკონომიკური სანქციები, რომ „ქართუ“ ბანკი უნდა ჩაიხსნას ყველაფრიდან, SWIFT-ი, VIZA, MASTER CARD-ი, რომ ევროკავშირთან შეჩერდეს თავისუფალი ვაჭრობა, ხოლო რაც შეეხება ელიტას, საჭიროა ყველას დადგენა და გასაჯაროება, ერთიანი ბაზის გაკეთება, საჯარო გაშავება, სრული ბოიკოტი რეჟიმის მსახურ ბიზნესს, რომ შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს და რომ კიდევ შეიძლება რაღაცების მოფიქრება, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის პოლიტიკური კომენტატორი არ არის, რომ კომენტარები აკეთოს კოლეგის გამო, ეს არ არის მათი განცხადება და ეს არის ზურაბ ჯაფარიძის განცხადება.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს უთხრა, რომ განმარტებას სთხოვს და მისი შეკითხვაა, ეთანხმება თუ არა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რაზეც ბადრი ჯაფარიძემ თქვა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს არ არის ჩემი განცხადება. ეს არის ბატონი ზურაბ ჯაფარიძის განცხადება. ისიც ჯაფარიძეა და ეს არის მისი განცხადება და მასზე კომენტარი ჩემი საქმე არ არის“.