ბადრი ჯაფარიძე - გამორიცხულია, ანაკლიის სადავო პროექტით უახლოეს პერიოდში ინვესტორი დაინტერესდეს
ბადრი ჯაფარიძე - გამორიცხულია, ანაკლიის სადავო პროექტით უახლოეს პერიოდში ინვესტორი დაინტერესდეს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით,  2018 წელს მამუკა ხაზარაძისა და მის მიმართ სახელმწიფომ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით დაიწყო შეტევა, რამაც ინვესტორები დააფრთხო.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წელს ანაკლიის „განვითარების კონსორციუმმა“  ინვესტორების მოზიდვა მაინც შეძლო, რომლებიც ანაკლიის პროექტის განხორციელების აუცილებლობაში არიან დარწმუნებულნი.

„2018 წელს შემოტევა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. პირველად ეს ბიძინა ივანიშვილმა მისი განცხადებებით დაიწყო, პიროვნულად, ჩემი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. შემდგომ ეს განხორციელდა ეროვნული ბანკის შემოტევით, შემდგომ განხორციელდა პროკურატურის შემოტევით, ეს იყო 2018 წელს.

2018 წელს ამ შემოტევამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია ზოგადად, ინვესტორების დაფრთხობა, რადგან ასეთი ტიპის პროექტში, როდესაც ხედავენ, რომ სახელმწიფო ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ებრძვის კონსორციუმის დამფუძნებელს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს იწვევს ქვეყნიდან ინვესტორების, პრაქტიკულად, განდევნას.

ამის მიუხედავად, 2019 წელს ჩვენ მაინც შევძელით მოგვეზიდა ინვესტორები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან ჩვენს შესაძლებლობებში და დარწმუნებულნი არიან ანაკლიის პროექტის განხორციელების აუცილებლობაში, მაგრამ ამას უკვე წინ დაუდგა სრულიად არაკონსტრუქციული პოზიცია მთავრობის მხრიდან. უფრო მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ არაკონსტრუქციული პოზიცია,ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ განდევნილი იქნა ინვესტორი და, საბედნიეროდ, ამის მოწმეებიც არსებობენ. ამიტომ, ეს ყველაფერი ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მოტივით, თითქოს ვერ ასრულებს ვალდებულებას, მომხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტას“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, დავა საერთაშორისო არბიტრაჟში, ასევე  იმ ქვეყნების სასამართლოებში გაგრძელდება, რომლებსაც ინვესტორები წარმოადგენენ.

„საბედნიეროდ, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველი ადგილი არის ჟენევის არბიტრაჟი და ასევე იმ ქვეყნების სასამართლოები, რომლებსაც ინვესტორები წარმოადგენენ. ანუ, სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვეჯახებით იმ რეალობას, რომ ეს რამდენიმე ქვეყნის სასამართლოს დავაში გადაიზრდება. შესაბამისად, იქ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს აჩერებს პროექტის განვითარებას. ასევე, პრობლემა ისაა, რომ ამ პროექტით უკვე გამორიცხულია, უახლოეს პერიოდში ინვესტორი დაინტერესდეს, ასეთი სადავო პროექტით არავინ დაინტერესდება. ეს არის სწორედ ამოცანა და ეს იყო ივანიშვილის ამოცანა. როგორც ხედავთ, პარალელურად, დღეს ჩვენ სასამართლოში ვართ. ანუ, ყველაფერი ის, რაც ივანიშვილს ჰქონდა განზრახული, ყველა მხრიდან ჩვენზე შემოტევა, პრაქტიკულად, კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილებით, ეს დაასრულეს. პარალელურად, სასამართლოში ვართ და თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ესაა პოლიტიკურად შეკვეთილი პროექტი, რომელსაც ახორციელებენ მთავრობის წევრები მისი დავალებით მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ესმით, თუ რა საფრთხეში აგდებენ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს, რა განსაცდელში აგდებენ ქვეყნის ეკონომიკას. ამის მიუხედავად ისინი, პირველ რიგში, ასრულებენ ივანიშვილის დავალებას.

ჟენევის არბიტრაჟში ალბათ  ქალბატონი მაია ცქიტიშვილის არგუმენტსაც მოისმენენ და ჩვენს არგუმენტებსაც. ჟენევაში განიხილება ეს თემა, იქ უნდა მობრძანდეს ცქიტიშვილი. მობრძანდებიან ასევე ის მოწმეები, რომლებიც ამხელენ ცქიტიშვილს ამ ქვეყნიდან ინვესტორების განდევნაში.

როგორც გითხარით,  ყველაფერი კეთდებოდა მთავრობის მხრიდან, რათა შეჩერებულიყო პროექტის განხორციელება“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.