ბადრი ჯაფარიძე - ფალსიფიკაციისა და მანიპულაციების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ
ბადრი ჯაფარიძე - ფალსიფიკაციისა და მანიპულაციების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გაყალბებული არჩევნების, ფალსიფიკაციისა და მანიპულაციების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, – ასე უპასუხა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებას შეეხებოდა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, თანამონაწილეობა გაყალბებაში არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ უნდა.

„თქვენ ბრძანეთ, რომ ეუთო-მ მოგვიწოდა პარლამენტში შესვლა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გაყალბებული არჩევნების, ფალსიფიკაციისა და მანიპულაციების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, რადგან ეს ნიშნავს ხელის შეწყობას ფალსიფიკაციის, მანიპულაციის, გაყალბების. თანამონაწილეობა გაყალბებაში არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ უნდა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.