ბადრი ჯაფარიძე - ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები უნდა შეასრულოს
ბადრი ჯაფარიძე - ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები უნდა შეასრულოს

ანდრიუს კუბილიუსის განცხადება ცხადი და ნათელია. ეს მხოლოდ მისი მოსაზრება და პოზიცია არ არის, რადგან ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები უნდა შეასრულოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა იყოს გასტუმრებული.

„ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული და ყველა ვალდებულების შესრულება აუცილებლად მოუწევთ, მათ შორის იმ ვალდებულების შესრულება, რაც თავად უხეშად დაარღვიეს. რაც შეეხება 43%-თან დაკავშირებით განსაზღვრულ ვალდებულებას, „ქართულ ოცნებას“ არავინ ეკითხება. მას სურს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევთ. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არათუ 43%-ზე დაბალია, არამედ ბევრად მცირეა, ვიდრე 40%. მათი მხარდაჭერა თბილისში მაქსიმუმ 20%-25%-ს შეადგენს. ჩვენს თანამოქალაქეებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა იქნას გასტუმრებული. „ქართული ოცნების“ ლიდერთა განცხადებები იმის თაობაზე, ადგილობრივ არჩევნებში 1% რომ აიღონ, პარლამენტის ვადამდელი არჩევნები მაინც არ ჩატარდება, ერთადერთ მიზანს ემსახურება – იქნებ ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან არ მივიდეს და ადამიანების დემოტივაცია მოხდეს. „ქართული ოცნების“ ლიდერების ამ ხრიკებს არავინ უნდა წამოეგოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე 43 პროცენტს თუ ვერ დააგროვებს, ევროკავშირი მოახდენს ზემოქმედებას, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.