ბადრი ჯაფარიძე - დიპლომატებთან შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრეთ, ასევე სანქციებზე
ბადრი ჯაფარიძე - დიპლომატებთან შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრეთ, ასევე სანქციებზე

„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრა პროდუქტიული იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, საუბრის თემა ეხებოდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა იყო. ჩვენ საუბარი გვქონდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება, შეინარჩუნოს კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე და შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჩვენ მიმართ და ხალხისადმი გაგრძელდეს, გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, დააზიანოს საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობა, ჩვენ მას უნდა ვუპასუხოთ მეტი ჩართულობით, რათა ქვეყანა საერთოდ არ გადაიჩეხოს“, – განაცხადა ბადრო ჯაფარიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სანქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

„ასევე საუბარი შეეხო სანქციებს. ძალიან ეფექტური იყო აშშ-ის სანქციები ბულგარეთში სასამართლო კლანის ერთ-ერთ მოსამართლეზე. ვინაიდან „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლოს რეფორმირებაზე და უარი თქვა ყველა ვალდებულებაზე, აუცილებელია, განმეორდეს ანალოგიური მიდგომა. პირველ ეტაპზე აუცილებელია მოგზაურობაზე შეზღუდვების შემოღება მოსამართლეებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც გამორჩეული წევრები არიან კლანის და შემჩნეულები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. ამიტომ ეს არის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი, ვიცით, ეს თემა განიხილება სენატში. ჩვენ დღეს ვთხოვეთ, რომ ეს საკითხი მეტად დაჩქარდეს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ სასამართლოს თავისუფლება. სასამართლოს გათავისუფლების გარეშე მუდმივად კრიზისში ვიქნებით და ქვეყანას განვითარება არ უწერია“,  – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით გუშინ ხელისუფლებას დიალოგი შესთავაზე, რაზეც როგორც ჯაფარიძე ამბობს, პასუხად ცინიზმი მიიღეს.

„შექმნილი ვითარების განსამუხტად ხელისუფლებას გუშინ დიალოგი შევთავაზეთ. „ქართული ოცნების“ სპიკერებიდან მივიღეთ ცინიზმი და სარკაზმით გაჟღენთილი პასუხი. დიალოგზე პასუხი არ მიგვიღია, დიალოგი უნდა ემსახურებოდეს კრიზისიდან გამოსვლის გზებს. საზოგადოდ, მიმაჩნია, რაც გუშინ გააკეთა „ოცნებამ“, ძაბავს ვითარებას. აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო სტანდარტის ნორმები პატიმართან დამოკიდებულების მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ეს პატიმარი. ჩვენ ვნახეთ „ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს კი არ უწყობს ვითარების დეესკალაციას, მეტად ძაბავს ვითარებას და ეს კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ გუშინ დიალოგი, რომ განიმუხტოს კრიზისი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.