ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ ვართ მშვიდად, მტკიცედ, დაველოდებით კენჭისყრას და გეგმებთან დაკავშირებით შემდეგ მოგახსენებთ
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ ვართ მშვიდად, მტკიცედ, დაველოდებით კენჭისყრას და გეგმებთან დაკავშირებით შემდეგ მოგახსენებთ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება აბსურდული გადაწყვეტილება და მის მიმართ პოლიტიკური დევნა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, სამომავლო გეგმებს კენჭისყრის შემდეგ გააცნობს საზოგადოებას.

„მგონი, ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისში ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ვნახოთ, დაველოდოთ კენჭისყრას. მაინტერესებს, კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას. კენჭისყრის შემდეგ მოგახსენებთ შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ეს უკვე სამ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. ჩვენ ვართ მშვიდად, მტკიცედ. დაველოდებით კენჭისყრას. კენჭისყრას დავესწრები სასესიო დარბაზში. დღევანდელ საქართველოში ყველაფერი მოსალოდნელია, შესაბამისად, ეს მოსალოდნელი იყო, რამდენადაც, როგორც ჩანს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მათ განზრახული არც ჰქონდათ. ის იგრძნობოდა გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლეს დააწერინეს. ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.