ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ მანდატებზე უარი ვთქვით, ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან სახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნებოდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ მანდატებზე უარი ვთქვით, ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან სახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნებოდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა

ჩვენ მანდატებზე უარი ვთქვით, ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან სახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნებოდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღის შეთანხმება დაძლევს.

„როდესაც განცხადებები შევიტანეთ პარლამენტში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უარს ვამბობდით მანდატებზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ ჩვენს ქვეყანაში ისეთი დამახინჯებული არჩევნების ჩატარებას, როგორიც ვნახეთ 31 ოქტომბერს. ახლა ,,ქართული ოცნება“ კანონმდებლობას ისე ჭრის და კერავს, როგორც უნდა. მათი მხრიდან სახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნებოდა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას თუ შეგვითანხმდებოდნენ. ეს ქვეყანაში მოიტანდა პოლიტიკურ მშვიდობას და ამოავსებდა იმ დაპირისპირებას, იმ უფსკრულს, რომელიც შეიქმნა ამ ყოვლად უმსგავსოდ ჩატარებული არჩევნების გამო. შესაბამისად, ეს იქნება ერთადერთი სწორი ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მხრიდან, თუ არადა ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მანდატებზე უარი ვთქვით. როგორ მოიქცევა ახლა  „ქართული ოცნება“, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პასუხისმგებლიანად უდგებიან თავიანთ საქმეს. მათ შეუძლიათ, რომ ერთად შევძლოთ, გავაკეთოთ გარღვევა ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე განცხადებით, არც ერთ დეპუტატს, რომელმაც მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა, აზრი არ შეუცვლია.

„51 დეპუტატი, რომელმაც განცხადება შეიტანა მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით, რჩება იმავე აზრზე. ეს ერთობა არის მყარი. პლუს, ჩვენ გვყავს სამი არჩეული დეპუტატი, რომელიც ამბობს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს პარლამენტში შესვლას, თუ არ იქნება სრული ოპოზიციური თანხმობა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 54 დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ჩემი აზრით, ეს არის უპრეცენდენტო ერთობა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.