ბადრი ჯაფარიძე - ბენ ჰოჯესთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე, საქართველოს გამოწვევებზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე
„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილ ხელმძღვანელს, გენერალ ბენ ჰოჯესს შეხვდა.
„ლელოს“ პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ ერთსაათიან შეხვედრაზე „ლელოს“ ლიდერმა და გენერალმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ანაკლიის პორტის საკითხზე ისაუბრეს.
„გენერალ ბენ ჰოჯესთან შეხვედრისას ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე და საქართველოს გამოწვევებზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა განმტკიცდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, როგორ უნდა დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში – ეს იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემა.
ამავდროულად, ჩვენ ვისაუბრეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც, სამწუხაროდ, შეჩერებულია და რომელიც იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ფაქტორი“, – განაცხადა შეხვედრის დამთავრების შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ.
ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.