ბადრი ჯაფარიძე – აუდიტორული დასკვნა, რომელზეც ბუცხრიკიძე საუბრობს, მოიცავს აქტივებს, ვალდებულებებს და არა თანხის გადარიცხვებს

13:56, 25.10.2019

ვახტანგ ბუცხრიკიძემ თქვა – აუდიტორულ დასკვნაში ფულის გათეთრებაზე საუბარი არ არის, რადგან აუდიტორული დასკვნა აქტივებს და ვალდებულებებს ეხებოდა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, აუდიტორული დასკვნა გადარიცხვებს არ ასახავს.

ჯაფარიძის განმარტებით, ობშორულ ზონაში და ობშორული ზონიდან  თანხის გადარიცხვების კვლევა  ფინანსური მონიტორინგის და ეროვნული ბანკის კომპეტენცია არის.

„აუდიტორული დასკვნა არ იკვლევს გადარიცხვებს. გადარიცხვების კვლევა არის ფინანსური მონიტორინგის და ეროვნული ბანკის საქმე. აუდიტორული დასკვნა, რომელიც ახლა არის თიბისი ბანკში, არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც დასკვნა ტრანზაქცირების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ამ [პროგრეს] ბანკის მხრიდან. ბუცხრიკიძემ თქვა, რომ ჩვენთან არის აუდიტორული დასკვნა, სადაც ფულის გათეთრებაზე საუბარი არ არის, რადგან აუდიტორული დასკვნა ეხებოდა აქტივებს და ვალდებულებებს. გათეთრების და ფულის რეცხვის არხი არის გადარიცხვები – სხვაგან უნდა ეძებოთ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძის განცხადებით, ნებისმიერი ბანკიდან თანხის გადარიცხვის შესახებ დოკუმენტაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა ჰქონდეს.

ყველა გადარიცხვა ობშორულ ზონაში და ობშორული ზონიდან 30 ათასი ლარის ზემოთ, სავალდებულოდ დარეპორტებული უნდა იქნეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. შესაბამისად, ყველა გადარიცხვის შესახებ დოკუმენტაცია ამ ბანკიდან იქნება თუ სხვა ბანკებიდან, სავალდებულო სახით უნდა იყოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში და ჩვენ ვლაპარაკობთ უახლოეს წარსულზე. სამიდან ხუთ წლამდე. ამიტომ უნდა მიმართოთ და ამ სამსახურების მიერ უნდა მოხდეს გამჭვირვალედ საზოგადოებისათვის გაცნობა“,-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ უარყო მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ „თიბისი ბანკში“ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციებს ადასტურებს.

ბუცხრიკიძის თქმით, გავრცელებული დოკუმენტი არის ტექნიკური და ფულის გათეთრებასთან კავშირი არ აქვს. მისივე განმარტებით, „პროგრეს ბანკის“ შესყიდვამდე აუდიტორული დასკვნა ჩაატარეს.

მსგავსი