ბადრი ჯაფარიძე - არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, რადგან ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს
არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, რადგან ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ციხეში იმიტომ მოათავსეს, რომ „ლელო – ძლიერ საქართველოს“ გადაწყვეტილება შეეცვალა.
„ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორიც სატუსაღოში მოთავსების დღემდე იყო. ეს არის ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის, ახალი არჩევნებისთვის. 74 დღის წინ რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდით, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია. სწორედ ამიტომ მოგვათავსეს სატუსაღოში, რომ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა. ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც ჩვენი თხოვნის საფუძველზე გავუთავისუფლებივართ. აქედან გამომდინარე, ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. პირდაპირ გეტყვით, მე დღეს დილით, როდესაც 16 კვადრატულ მეტრ სივრცეში ყოველდღიური გასეირნებიდან დავბრუნდი, მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ჰქონდა გამოცემული მიხეილ ყაველაშვილს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, პატივს სცემს ყველა ოპოზიციონერის პოზიციას და აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ კარგად გააზრებულად და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონვის შემდგომ მიიღო.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, რადგან ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით. ჩვენი ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენგან მოითხოვდა არჩევნებში მონაწილეობას. მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს – ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ადამიანს აქვს ბოიკოტის უფლება – ამას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ, ამავდროულად, იმ ასიათასობით ადამიანს, რომელიც მოვა 4 ოქტომბერს არჩევნებზე, ჩვენ იმედი არ უნდა გავუწბილოთ. უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან, იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად. ვერ გეტყვი, რითი ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნება“, როცა ჩვენ, სრულიად უდანაშაულო ადამიანები, დაგვატუსაღა და რითი ხელმძღვანელობს, როცა გამოგვიშვა. ცხადია, ყველა ადამიანი, ვინც დღეს სატუსაღოშია – ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც გამორჩეული ახალგაზრდები არიან და ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის საოცარ ერთგულებას აჩვენებენ, ყველა დაუყოვნებლივ გარეთ უნდა იყოს. ეს არის ჩვენი პოზიცია. ახობაძისა და კაციას შემთხვევაშიც გადაწყვეტილება მოსამართლეს არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. ისიც მიიღო შერჩევითად, რომ რაღაც ნაწილი გამოეშვა, რაღაც ნაწილისთვის კვალიფიკაცია შეეცვალა. ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები, რომელსაც არავინ უნდა აჰყვეს. ყველა პოლიტიკური ტუსაღი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.