ბადრი ჯაფარიძე -  ახლა მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ როგორც სახელმწიფო, ვართ ერთიანი, ერთიანობა უნდა გამოვლინდეს ერთიან განცხადებებში, ერთად დგომაში
ბადრი ჯაფარიძე - ახლა მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ როგორც სახელმწიფო, ვართ ერთიანი, ერთიანობა უნდა გამოვლინდეს ერთიან განცხადებებში, ერთად დგომაში

ახლა ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ მიმართული იმისკენ, რომ მთელ მსოფლიოს დავანახოთ – როგორც სახელმწიფო, ვართ ერთიანი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობა არის სიმშვიდის გარანტია და ერთიანობა ერთიან განცხადებებში, ერთად დგომაში უნდა გამოვლინდეს.

„თავდასხმა ოპოზიციაზე, ეპითეტების მიკერება და ამ ურთულეს მდგომარეობაში ასე ქცევა არის უპასუხისმგებლობა. ახლა ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ სწორედ მიმართული იმისკენ, რომ მთელ მსოფლიოს დავანახოთ – როგორც სახელმწიფო, ვართ ერთიანი, ყველა პოლიტიკური ძალა. ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ გამოწვევები, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, გადავლახოთ ერთად და ამისთვის ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სწორედ სახელმწიფოებრივი პოზიცია.

სახელმწიფოებრივი პოზიცია არ არის სიჩუმე და რომ აგრესორს არ დაარქვა აგრესორი. არავინ ამბობს, რომ ჩვენ უნდა გავამწვავოთ ვითარება, პირიქით – ერთიანობა არის სიმშვიდის გარანტია, ერთიანობა უნდა იდგეს, ოღონდ – სახელმწიფოებრივ პოზიციაზე. ამ დროს სიჩუმე, კუთხეში მოფარება არ არის სწორი რეაგირება, ამ დროს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას და მათ შორის იმ მხარეს, საიდანაც საფრთხე მომდინარეობს, რომ ჩვენ – იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია, ყველანი ერთიანი ვართ. ეს ერთიანობა უნდა გამოვლინდეს ერთიან განცხადებებში, ერთად დგომაში და არა ის, რომ ერთი მხარე იმალებოდეს სადღაც და მეორე მოუწოდებდეს, რომ მოდით, ერთად შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ ამ გამოწვევებზე, რომელიც ახლა ჩვენს სახელმწიფოს უდგას. ასე არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლებაში მყოფი ძალა, როგორც იქცევა, მაგრამ დღეს გვაქვს ეს ძალა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ,  შევძლოთ ყველამ, ვისაც გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენს ხალხს ვაჩვენოთ, რომ ერთად ვდგავართ. უნდა გავაგრძელოთ ეს მცდელობა, იმისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა იმედი არ დაკარგოს.

„ქართული ოცნების“ ქცევა არის ცალსახად გამოკვეთილი ინერტული დამალვის მცდელობა, იქნებ ჩაიაროს ამ საფრთხემ. რა თქმა უნდა, საფრთხემ რომ ჩაიაროს, საფრთხეს უნდა დაანახო ერთიანობა და მზადყოფნა, რომ იბრძვი შენი ქვეყნის ინტერესებისთვის. ამ შემთხვევაში ჩაივლის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.