ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ CRRC-საქართველოს მეურვეთა საბჭოში არ არის, თუმცა ორგანიზაციის საიტზე საბჭოს წევრთა ჩამონათვალშია
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ CRRC-საქართველოს მეურვეთა საბჭოში არ არის, თუმცა ორგანიზაციის საიტზე საბჭოს წევრთა ჩამონათვალშია

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი – საქართველოს“ (CRRC-საქართველო) მეურვეთა საბჭოს წევრი არ არის, თუმცა CRRC-საქართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე ჯაფარიძე ორგანიზაციის მეურვეთა საბჭოს წევრთა ჩამონათვალშია.

CRRC-საქართველო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევებისთვის გამოკითხვებს ატარებს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევრაზიის საპარტნიორო ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრია და ეს ორგანიზაცია CRRC-საქართველოსთანაც არის დაკავშირებული.

„მე არ ვარ CRRC სამეურვეო საბჭოს წევრი, მე ვარ ევრაზიის ფონდის. საზოგადოებრივი მოძრაობის რეიტინგებს არ სწავლობენ, ისინი სწავლობენ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს. ამიტომაც ვუთხარით, ნუ ჩაგვრთავთ კვლევაში, დაელოდეთ ჩვენს რეგისტრაციას. მე პირადად არ მქონია საუბარი. ისინი თქვენი ნებართვის გარეშე ვერ ჩაგრთავენ. გვქონდა კომუნიკაცია, თუმცა მე პირადად არა – რამდენადაც გამოკვლევა არ ეხება საზოგადოებრივი მოძრაობების რეიტინგის დადგენას, სანამ ჩვენ არ ჩამოვყალიბდებით პოლიტიკურ პარტიად, რეიტინგში არ იყოს დათვლილი. მათი მხრიდან იყო შემოთავაზება, ჩავრთულიყავით თუ არა, ჩვენი პოზიცია იყო, დაველოდოთ დაფუძნებას. მე ვარ ევრაზიის საპარტნიორო ფონდში. მე ვიცოდი, რომ ამას ერქვა ევრაზიის საპარტნიორო ფონდის სამეურვეო საბჭო. ეს ფონდი არის დაკავშირებული ამ ორგანიზაციებთან,  რა თქმა უნდა, CRRC-სთანაც დაკავშირებულია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რომ „ენდიაის“ კვლევა აღნიშნულმა ორგანიზაციამ ჩაატარა და ხომ არ იყო ინტერესთა კონფლიქტი, ჯაფარიძე ამბობს, რომ „ლელო “ არ მონაწილეობდა კვლევაში, შესაბამისად, არანაირ ინტერესთა კონფლიქტზე არ არის საუბარი.

„სად? რაში? მით უმეტეს, თუ არ მონაწილეობდა „ლელო“, რომელ ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობთ. სამეურვეო საბჭოს არანაირი ურთიერთობა არ აქვს კონკრეტულ საქმიანობასთან CRRC იქნება თუ სხვა. რომ შევეყვანეთ კიდეც, მაშინაც ვერ ვხედავ ინტერესთა კონფლიქტს, ეს ერთი, მეორეც – თუ რამე გავლენა გქონდა შევიყვანდით „ლელოს“ და თუ იმისკენ მიდის საუბარი, რომ მანიპულირების საშუალება არსებობს, ძალიან მაღალ რეიტინგს დავიწერდით, რაც სისულელეა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გუშინ წარადგინეს. კვლევაში „ლელო“ შეყვანილი არ ყოფილა.

გუშინ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ენდიაის“ თავად სთხოვეს, „ლელო“ ჩართული არ ყოფილიყო. „ოქტომბერში დაიგეგმა აღნიშნული კვლევა. ჩვენ ვთხოვეთ, ამ გამოკვლევაში არ ყოფილიყო ჩართული „ლელო“. შემდგომ გამოკვლევაში „ლელო“ აუცილებლად იქნება. ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, დავრეგისტრირდით 22 დეკემბერს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ „ენდიაის“, არ მომხდარიყო ჩვენი ჩართვა გამოკვლევებში. შემდგომ გამოკვლევებში, გაზაფხულზე აუცილებლად ვიქნებით ჩართულები“ ,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.