ბადრი ჯაფარიძე - 17 მილიონი დოლარი, რომლის სესხების მართლზომიერებასაც პროკურატურა სწავლობს, მსოფლიო ბანკსა და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში გადაირიცხა
ბადრი ჯაფარიძე - 17 მილიონი დოლარი, რომლის სესხების მართლზომიერებასაც პროკურატურა სწავლობს, მსოფლიო ბანკსა და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში გადაირიცხა

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, 17 მილიონი დოლარი, რომლის სესხების მართლზომიერებასაც პროკურატურა სწავლობს, მსოფლიო ბანკსა და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში გადაირიცხა.

„17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ, გადაირიცხა მსოფლიო ბანკსა და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში. თუ ეს შეიძლება, ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თვითონ განსაჯეთ. თავის დროზე ფული ცნობილი ჰოლანდიელი ბიზნესმენებისგან ვისესხეთ, ასევე ერთ-ერთი დიდი ფონდისგან, რათა ბანკის კაპიტალი გაგვეზარდა და ნაწილი გადარიცხული იყო მსოფლიო ბანკის ანგარიშზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, კითხვაზე, შესთავაზა თუ არა წილების დათმობა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და იყო თუ არა ჩართული მოლაპარაკებებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტური სიცრუეა.

„არა, აბსოლუტური სიცრუეა, მსგავსი თხოვნა არავისგან ყოფილა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემმის“ ვალი.