ბადეები ცნობილია - ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება | ჭიდაობა - ბუდაპეშტი 2018
21:27, 19.10.2018
ჭიდაობის მოყვარულებისთვის ხვალიდან საინტერესო დღეები იწყება – ბუდაპეშტში სტარტს მსოფლიოს ჩემპიონატი იღებს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ათეული უკვე უნგრეთშია და გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით მზადებას ადგილზე განაგრძობს. ოთხი მათგანი კი ხვალ ფინალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.
ლასლო პაპის სახელობის დარბაზში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან, წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალურ შეხევდრებს 61; 74; 86 და 125 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გამართავენ.
იანტბელიძის გუნდიდან, ხვალ შეჯიბრში ბექა ლომთაძე, ავთანდილ კენჭაძე, სანდრო ამინაშვილი და გენო პეტრიაშვილი ჩაერთვებიან.
დღეს გამართული კენჭისყრა, საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მედლების მოლოდინი რა თქმა უნდა მაინც დიდია.
ევროპისა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი – ბექა ლომთაძე (61 კგ.) ტურნირში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთვება.მისი მეტოქე – საკვალიფიკაციო ეტაპზე, სენეგაელ დიატესა და უნგრელ მოლნარს შორის ირკვევა. ლომთაძე მესამე ნომრადაა განთესილი და ბადის მეორე ნახევარშია. წონის პირველი და მეორე ნომრები, შესაბამისად უზბეკი – რახმონოვი და რუსი რაშიდოვი არიან.
23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის – ავთანდილ კენჭაძის (74 კგ.) წონაში თავი 32-მა სპორტსმენმა მოიყარა და შესაბამისად, ყველა მათგანი 1/16 ფინალიდან იწყებს. კენჭაძის პირველი მეტოქე, უზბეკი – აბდულრახმონო იქნება, რომელთან წარმატების შემთხვევაშიც, მერვედფინალში ავთო სუდანელ – ალისა და პოლონელ – სოკალსკის შორის მოგებულს შეხვდება. ამ წონაში პირველ ნომრად, იტალიელი – ჩამიზუა განთესილი.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი – სანდრო ამინაშვილის პირველი მეტოქე (84 კგ.) კოლუმბიელი – იზკუერდო იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, სანდრო მერვედფინალში. მოლდოველ და პოლონელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამინაშვილი ბადეში მეორე ნომრად განთესილი ამერიკელის-ტელორის მხარეს მოხვდა. ტურნირის პირველი ნომერი, თურქი – ერდინი კი ბადის ზედა ნაწილშია და პირველ წრეში ისვენებს.
ბუდაპეშტში ტიტულის დასაცავადაა ჩასული, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – გენო პეტრიაშვილი. საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსან ფალავანს, კენჭისყრის შედეგად პირველ წრეში დასვენება მოუწია 1/8 ფინალში კი ავსტრიელ ლუდეშერსა და მასპინძელ ლიგეტის შორის გამარჯვებულს ელოდება. ბადეში მის მხარესაა და ორივე სპორტსმენის წარმატების შემთხვევაში, ნახევარფინალში უნდა ვიხილოთ, უკვე კლასიკად ქცეული პატრიშვილისა და თურქი ტაჰა აკგულის დაპირისპირება. ტიტულოვანი თურქი ფალავანი, შეჯიბრში თავიდანვე ერთვება და ასპარეზობას გერმანელ – მატუჰინთან შეხედვრით იწყებს, ამ წყვილის გამარჯვებულს კი მერვედფინალში წონის მეორე ნომრად განთესილი უკრაინელი – ხოტსიანივსკი ელოდება.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი მოკრივის – ლასლო პაპის სახელობის დარბაზში, წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.