ბაჩუკი ქარდავა - ვიღაცას ძალიან სურს, გიორგი გახარიას მხრიდან ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს სხვას
ბაჩუკი ქარდავა - ვიღაცას ძალიან სურს, გიორგი გახარიას მხრიდან ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს სხვას

ვიღაცას ძალიან სურს, გულწრფელ პროტესტს ორგანიზებული ფორმა მისცეს, მერე ეს ორგანიზებული პროტესტი გადააქციოს ორგანიზებულ აჯანყებად და შემდგომ, 20 ივნისს გახარიას მხრიდან ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს სხვას, – ამის შესახებ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას” წევრმა, ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც ქარდავამ აღნიშნა, ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 20-21 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაიკითხა.

„ეს არ იყო გამოკითხვა, ეს იყო ოფიციალურად დაკითხვა. მოსამართლეს ვკითხე და მან დამიდასტურა, რომ ეს იყო მოწმის დაკითხვა. დაკითხვა ორ საკითხს ეხებოდა, ორი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. კითხვები ისმოდა ისეთი, რომ შეიძლება, ყველა მიმართულებით იფიქრო ადამიანმა“, – განაცხადა ქარდავამ.

მისი თქმით, კითხვები შეეხებოდა იმას, თუ რამდენად იყო აქცია ორგანიზებული.

„მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს აქცია იყო სპონტანური და იყო პროტესტი, რომელიც გამოხატა ქართულმა საზოგადოებამ ჩვენი ხელისუფლების თავხედობის გამო. ისინი ინტერესდებოდნენ რამდენი ხნის განმავლობაში ვიყავი იქ. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთით გასვლის გარდა, ვიმყოფებოდი მუდმივად რუსთაველის გამზირზე. ამასთან, ტრიბუნასთან მუდმივად არ ვიყავი. ყველაზე აინტერესებდათ, ვინ სად იყო და რას ვაკეთებდით, რამდენად ვიყავით ორგანიზებულები. თუ ხელისუფლებას სურს, იმ სამართლიან, სპონტანურ პროტესტს რაღაც ორგანიზებული ჯანყის ფორმა მისცეს და ამით თავი გაიმართლოს 20 ივნისთან დაკავშირებით, არ ვიცი, მაგრამ მათ დავუდასტურე ის ფაქტიც, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ვხედავდით ძალიან მაღალ ემოციას ხალხში, დავთანხმდით, რამდენიმე ლიდერი შესულიყო და ეწარმოებინა მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ძალიან მოკლე მონაკვეთში მოხდა გასროლა სწორედ ძალოვნების მხრიდან. ისიც დავუდასტურე, რომ ეს პირველი გასროლა იყო, რაც მე ვნახე გაზი და ამის შემდგომ იქ იყო ქაოსი”, – აღნიშნა ქარდავამ.

მისივე შეფასებით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის დროს გამომძიებლების შეკითხვები სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდებოდა.

„ისინი ინტერესდებოდნენ, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, ვხვდებოდი თუ არა პოლიტიკოსებს, იყო თუ არა განსაკუთრებული მოლაპარაკებები ვინმესთან და ა.შ. როგორც იურისტმა შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცას ძალიან სურს, გულწრფელ პროტესტს ორგანიზებული ფორმა მისცეს, მერე ეს ორგანიზებული პროტესტი გადააქციოს ორგანიზებულ აჯანყებად და შემდგომ 20 ივნისს გახარიას მხრიდან ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს სხვას. ეს შთაბეჭდილება დამრჩა. თუმცა გამომძიებლები აბსოლუტურად სამართლებრივ ჩარჩოში სვამდნენ კითხვას, მით უმეტეს მოსამართლის თანდასწრებით და წუნის დასადებს ვერ ვიტყვი”, – განაცხადა ქარდავამ.