მოძრაობა „ძალა ერთობაშიას” წევრი ბაჩუკი ქარდავა თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლესთან გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც ქარდავამ უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მან თავად მოითხოვა, რომ მისი გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მომხადარიყო.
„ვფიქრობ ცინიზმია, როდესაც 20 ივნისის მოვლენების მთავარი დამნაშავე გახარია, თვითონ იძიებს ამ საქმეს, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიება გახარიას წინააღმდეგ უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ არის ასეთი მოცემულობა – ივანიშვილის რეჟიმმა 20 ივნისს ფაქტობრივად საბოლოოდ გამოამჟღავნა, რომ არის მოთანამშრომლე კრემლთან, პუტინის ოკუპაციურ რეჟიმთან და ამ ვითარებაში მან უნდა განახორციელოს ის გეგმები, რაც რუსეთს საქართველოში სურს. ბუნებრივია, მას სჭირდება, რომ დემოკრატიული, პროდასავლური ოპოზიცია იყოს იზოლირებული და რეპრესირებული. დამერწმუნეთ, 21-ე საუკუნეში, საქართველოში ამის მიღწევა შეუძლებელია და ამას ვერც ივანიშვილი ვერ მიაღწევს. სისულელეა ის ბრალდებები, რაც ისმის ხელისუფლების მხრიდან. ეს არის მხოლოდ მცდელობა იმისა, რომ 20 ივნისი რამენაირად გადააბრალონ სხვას. როგორ შეიძლება გადააბრალო ხალხს ის, რაც დააშავა თვითონ ხელისუფლებამ, ვგულისხმობ ძალადობას. ხალხმა გამოხატა პროტესტი ოკუპანტის წინააღმდეგ, როდესაც შეეხნენ ეროვნულ ღირსებას. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება ამას ვერ ხვდება და ნაცვლად იმისა, რომ თვითონ აკეთებდეს, ხალხს უწევს პროტესტის გამოხატვა ოკუპანტის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მისივე თქმით, 20 ივნისს, აქციის დაწყებიდან იმყოფებოდა პარლამენტთან და მზად არის, მოსამართლის ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.
„დასამალი არაფერი მაქვს. მზად ვარ, ყველა კითხვაზე გავცე პასუხი. მე ვიმყოფებოდი თითქმის პირველი წუთებიდან საქართველოს პარლამენტთან, ჯერ უკანა შესასვლელთან, საშვთა ბიუროსთან. იქ მივედი პროტესტის გამოსახატად, იმის გამო, რაც ვიხილე ტელევიზორში. ვნახე საოცრება, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი გავრილოვი წამოსკუპებული იყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა, ყველამ ყველაფერი ვიცით. პირველი წუთებიდან ბოლო წუთამდე ჩართული ვიყავი ამ პროცესში და ახლაც ვარ ჩართული, რადგან მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს მთავარი დამნაშავე და ეს დამნაშავე არის გახარია, ის უნდა გადადგეს. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, ეს შემდგომი პროცედურებია“, – განაცხადა ქარდავამ.