ბაჩუკი ქარდავა - არჩევნები აუცილებლად იქნება, ოღონდ ივანიშვილის გარეშე
ბაჩუკი ქარდავა - არჩევნები აუცილებლად იქნება, ოღონდ ივანიშვილის გარეშე

ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საიდუმლო კვლევები, სადაც მან ნათლად დაინახა, რომ არც ერთ ვარიანტში არჩევნების მოგების შანსი არ აქვს და ამ ორღობის აფერისტმა, ქართველ ხალხს უთხრა, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება, – ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი წავიდა უზურპაციის გზით და პასუხიც შესაბამისი უნდა იყოს.

„ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოება გამოვიდეს ქუჩაში და ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას, ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ხალხს წაართვას ძალაუფლება, ის ხალხის მიერ იქნება გაძევებული ნებისმიერი ხერხებით. ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით შემიძლია გითხრათ, დღესვე დავიწყებთ აქციებს და არ დავასრულებთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ დატოვებს და  არჩევნებზე ფიქრიც კი ზედმეტია“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ყველანაირი ხერხით, რომ ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავიდეს.

„შეჯერებული პოზიცია არის მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, პოლიტიკურ პარტიებს არ ექნებათ ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არჩევნებით შესაძლებელია, თუ მას ასე ხელ-ფეხი გაეხსნება. არ გამოვრიცხავ, რომ რიგგარეშე არჩევნებზე თავად ბიძინა ივანიშვილი ფიქრობდეს, მაგრამ ახლა არის ის მოცემულობა, როდესაც, ჩემი აზრით, ყველანაირ არჩევნებს აზრი ეკარგება ივანიშვილის პირობებში. არჩევნები აუცილებლად იქნება, ოღონდ ივანიშვილის გარეშე“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.