ბაჩო დოლიძე - რამე შეცდომას თუ ვიმკით, მეტწილად მათი დამსახურებაა, რომლებიც საერთოდ არ ჩანან ორბიტაზე და შემდეგ უცბად ჩნდებიან კრიტიკული პოსტებით, უაზრო სპეკულაციებით ვერ დაგვაშინებენ
ბაჩო დოლიძე - რამე შეცდომას თუ ვიმკით, მეტწილად მათი დამსახურებაა, რომლებიც საერთოდ არ ჩანან ორბიტაზე და შემდეგ უცბად ჩნდებიან კრიტიკული პოსტებით, უაზრო სპეკულაციებით ვერ დაგვაშინებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ბაჩო დოლიძის თქმით, საჯარო განცხადებამდე საჭიროა ინფორმაციის დაზუსტება, რადგან მსგავს ცრუ ინფორმაციას შეუძლია, დააზიანოს პროცესი და დაუმსახურებლად ჩირქი მოსცხოს ადამიანს.

„არ ვიცი, რა შეფასება მივცე. თუ ასეთივე „დაზუსტებული“ მეთოდით მუშაობდა ეს ბატონი, გასაგებია, რა შედეგიც მივიღეთ ხომ? წესით და რიგით, ჯერ უნდა დააზუსტო ინფორმაცია, გაერკვიო, რა არის მართალი და ტყუილი და შემდეგ უნდა აკეთო საჯაროდ განცხადებები, მაშინ, როდესაც მსგავს ცრუ ინფორმაციას შეუძლია, დააზიანოს პროცესი და ჩირქი მოსცხოს დაუმსახურებლად ადამიანს. არ ვიცი, რა გითხრათ, ზოგი ადამიანი 2013 წლიდან იბრძვის და არის ბევრი, რომელიც 2013 წლის შემდეგ თვალით არ გვინახავს. დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ.

კიდევ ერთხელ, ეს არის მცდელობა, პიარი ააგორონ. ეს მარტო ნიკას არ ეხება, ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს არის ჩართული ამ პროცესში. ჩვენ დღეს ვართ წინა ხაზზე ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ერთგულ ამომრჩევლებთან ერთად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 2013 წლის შემდეგ თვალით არ გვინახავს. თუკი რამე შეცდომას ვიმკით, მეტწილად იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც საერთოდ არ ჩანანან ორბიტაზე და შემდეგ უცბად გამოჩნდებიან კრიტიკული პოსტებით.

ვერ გეტყვით, როგორ ხდება, რომ ბოლო პერიოდში ასე ორგანიზებულად იწყება ბრალდებები, დღეს თურმე ჩვენ ვართ ხელფასზე და ფუფუნებაში მყოფი ადამიანები, არ ვიცი, საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს. დღეს ოპოზიციაში ყოფნა, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონკრეტულ პოზიციაზე, არის უდიდესი პასუხისმგებლობა, უდიდესი ვალდებულება, რომელსაც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გაურბის. ასე რომ, საერთოდ არ მიკვირს ასეთი ტიპის კამპანიები მაშინ, როდესაც იციან, თუ ვინმეს შეუძლია „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ის შემადგენლობა, რომელიც დღეს არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, გაასაჯარაოს ფინანსები, – ბაჩო დოლიძე პასუხობს: „თუკი ვინმეს შეუძლია ამ ყველაფრის გავრცელება და ღიად საუბარი, დამიჯერეთ, პირველ რიგში, ისევ ჩვენ ვართ. ასე რომ, მსგავსი რაღაცა უაზრო სპეკულაციებით ვერც დაგვაშინებენ და ვერც ვერაფერს დაგვაკლებენ. ეს ჭორიც არ არის, ეს არის ძალიან მდაბიო, იაფფასიანი პოლიტიკური ჭორაობა, რომელსაც ერთდღიანი რეზონანსი შეიძლება, ჰქონდეს“.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო თოფურიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. „ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება, სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა“, – აცხადებს სოსო თოფურიძე.