ბაჩო დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის შესახებ მედიით ვიგებ, ეს უკვე ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა, ვხედავთ, რომ განსხვავებული აზრის მოსმენის პრობლემაა
ბაჩო დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის შესახებ მედიით ვიგებ, ეს უკვე ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა, ვხედავთ, რომ განსხვავებული აზრის მოსმენის პრობლემაა

პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ ტრადიციულად ვიგებ მედიის მეშვეობით, შესაბამისად, არ ვარ ინფორმირებული არც საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

დოლიძის თქმით, ეს უკვე ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

„პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ ტრადიციულად ვიგებ მედიის მეშვეობით, შესაბამისად, არ ვარ ინფორმირებული არც საკითხებთან დაკავშირებით, რა იქნება განხილული და გადაწყვეტილი. ალბათ მნიშვნელოვანი საკითხები იქნება, რადგან პოლიტსაბჭოს სხდომას რიგითი საკითხების გამო ნამდვილად არ მოიწვევდნენ. არც მე და არც ჩემი მეგობრები, ის ადამიანები, რომლებიც დღეს არ წარმოადგენენ ახალ მენეჯმენტს, რა თქმა უნდა, არ იქნებოდნენ ინფორმირებულები. ეს უკვე ცუდ ტრადიციად ჩამოყალიბდა, მაშინ როდესაც პირიქით, მოტივირებული უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა ერთობისკენ, რომ განსხვავებული აზრიც იყოს მოსმენილი. ვხედავთ, რომ პრობლემა არის განსხვავებული აზრის მოსმენის, არსებობის, რაც საბოლოოდ აისახება იმ რეზულტატზე, რასაც, სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ და ვაკვირდებით. ასე რომ, პოლიტსაბჭოს სხდომა როდესაც დასრულდება, რა საკითხებიც იქნება, ამის შემდეგ დამატებით შეგვეძლება საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

მედიის მეშვეობით ვიგებ არა მარტო პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ თარიღს, არამედ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, თუ საერთოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დავარქმევთ. ცუდი პრაქტიკაა. კარი უნდა იყოს ღია და არა დაკეტილი. კარი ჩემთვის არ არის დაკეტილი, თავიანთ თავს უხურავენ კარს, ამიტომაც არის, რომ მერე აღარავის უნდა გაკარება“, – განუცხადა ბაჩო დოლიძემ საქართველოს პირველ არხს.