ბაჩო დოლიძე - ამ ეტაპზე არ ვფიქრობ პარტიის დატოვებას, თუმცა საერთო ენა თუ ვერ გამოვნახე არსებულ მენეჯმენტთან, მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება
ბაჩო დოლიძე - ამ ეტაპზე არ ვფიქრობ პარტიის დატოვებას, თუმცა საერთო ენა თუ ვერ გამოვნახე არსებულ მენეჯმენტთან, მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება

მიხეილ სააკაშვილს ვეთანხმები, რომ პარტიას სჭირდება შიდა დემოკრატია და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები, ის, რომ განსხვავებული აზრი უნდა იყოს, ამაშიც ვეთანხმები, მაგრამ მან ასევე თქვა, რომ იყო პერიოდი, როდესაც პარტიის დაშლას ცდილობდნენ, მანდ ბიძინა ივანიშვილის ხელი ნამდვილად იყო ჩარეული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ერთ თამაშს თამაშობდა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მეორეჯერაც ჩართული იქნება იმავე თამაშში.

„ამიტომ არის ჩემთვის მიუღებელია ის კონფიგურაცია, რომელიც დღეს გვყავს მენეჯმენტში. ამ ადამიანებთან ერთად რეზულტატს ვერ დავდებთ. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, ამ ნაწილში მიხეილ სააკაშვილს არ დავეთანხმო. მგონი, ნორმალურია, რომ ყველა ერთმანეთს ყველაფერში არ ვეთანხმებით, როდესაც ყველა ყველაფერში ვეთანხმებოდით, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ და იმიტომ ვართ ასეთ დღეში, როგორშიც ვართ. ამ თვალსაზრისით მე პოზიციას ნამდვილად ვერ შევიცვლი. უბრალოდ, არ მჯერა არსებული კონფიგურაციის პირობებში სერიოზული შედეგის დადების. არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ –  „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის გარდა, ამ ქვეყანაში კიდევ არის ამომრჩეველი, მათზეც და მათ განწყობაზეც უნდა ვიფიქროთ და შესაბამისადმ არ დაგვავიწყდეს საზოგადოების აზრი ამა თუ იმ პიროვნებასთან მიმართებაში. ინტეგრაცია კარგია, ახალი სახეებიც კარგია, მთავარია, რეალობას გავუსწოროთ თვალი. ფასადურ ერთიანობაზე ვერ დავხუჭავ თვალს. მინდა ცვლილება ამ ქვეყანაში და არა ერთი პერსონის ჩანაცვლება მეორეთი“, – განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტიის დატოვებას, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ ფიქრობს პარტიის დატოვებას.

„ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, თუმცა ალტერნატივა არის ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ საერთო ენა ვერ გამოვნახე არსებულ მენეჯმენტთან და შესაბამისად ადამიანებთან, რომლებიც პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებენ, მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სრული სურათი ჩანდეს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი ხედავდეს სრულ სურათს და არა ვიღაცების მიერ შეტანილ მონახაზებს რა და როგორ გამოიყურება. ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ სურათი ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს. თუ ვერ ვთანხმდებით ფუნდამენტურ საკითხებზე, თუ ვერ ხედავთ იმ საშიშროებებს, რომელიც ხვალ და ზეგ შეიძლება გვქონდეს, პოლიტიკურ მომავალზე ინდივიდუალურად მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.