ბაჩო დოლიძე - დასაფასებელია, რომ საარჩევნო ნომერი დაგვითმეს უსასყიდლოდ, რამდენიმე დღეში გვექნება პრეზენტაცია, როგორი კონფიგურაციით წარვდგებით, საინტერესო ადამიანების შემოყვანას ვგეგმავთ გუნდში
ბაჩო დოლიძე - დასაფასებელია, რომ საარჩევნო ნომერი დაგვითმეს უსასყიდლოდ, რამდენიმე დღეში გვექნება პრეზენტაცია, როგორი კონფიგურაციით წარვდგებით, საინტერესო ადამიანების შემოყვანას ვგეგმავთ გუნდში

რამდენიმე დღეში პრეზენტაცია გვექნება, როგორი ფორმით და კონფიგურაციით წარვდგებით. საინტერესო ადამიანების შემოყვანას ვგეგმავთ გუნდში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

რაც შეეხება საკითხს, რომ საარჩევნო ნომერი 4 ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის, ბაჩო დოლიძის განმარტებით, აღნიშნული ნომერი დაუთმეს და ეს რაიმე პირობის შეთავაზების სანაცვლოდ არ მომხდარა.

„2024 წლის არჩევნებში ჩვენი პარტიის ნომერი იქნება 4. რამდენიმე მოქმედ სუბიექტთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია, ვის შეეძლო ნომრის დათმობა, ვინ აღარ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. მადლობის გარდა, არაფერი გვეთქმის. მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხი გადაწყდა, რადგან „ოცნება“ როდის მოგვცემდა ნომერს, მცირე პერიოდი დარჩებოდა ნომრის პოპულარიზაციისთვის. ეს რისკი იდგა. არავითარი მნიშვნელოვანი პირობები არ ყოფილა, არც ის, რომ რაღაცის სანაცვლოდ მოხდა დათმობა ან სიაში ყოფილიყო. ეს ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი ასეთ ჟესტს აკეთებს, უსასყიდლოდ გითმობს ამხელა რამეს. ორმაგად დასაფასებელია, რომ პირობები არ არსებობს ამ დათმობაზე. როგორც ვიცი, ტექნიკური თვალსაზრისით, ალბათ გადმოვა ყველაფერი, იურიდიულ კაზუსტიკაში გავერკვევით და თუ სარგებელი აქვს ამ ნომერს, ყველაფრით ვისარგებლებთ.

რამდენიმე დღეში სასტარტო შემადგენლობის პრეზენტაცია გვექნება, როგორი ფორმით და კონფიგურაციით წარვდგებით. საინტერესო ადამიანების შემოყვანას ვგეგმავთ გუნდში. ვიხილავთ ამ გუნდის სასტარტო კონფიგურაციას. არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც აქტიური შეხება არ ჰქონიათ პოლიტიკასთან. ეს მხოლოდ დადებით თვისებაში ჩავუთვალოთ, იმდენად დისკრედიტებულია პოლიტიკური სპექტრი, კარგი არაფერი მოდის. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში გამოსული ადამიანები დიდ როლს, მძიმე ტვირთს წევენ და ესეც მნიშვნელოვანია. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ რაოდენობრივად საკმაოდ წარმომადგენლობითი ვართ, მათ შორის საკრებულოებში, არათუ რაიონებში ან ქალაქებში. ასე გამართული არცთუ ისე ბევრი პარტიაა. საერთოდ არ არის პატარა გუნდი. საკმაოდ დიდი ამბავია იმის ფუფუნება, რომ მოკლე მონაკვეთში, ისე, რომ რეგისტრირებული პარტიაც არ გვაქვს, ჯერ მხოლოდ ნომერია, ყველა რაიონში იყოს დაფარვა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძის განცხადებით, მათი მოლოდინია ხელისუფლების ცვლილება.

„მოლოდინი არის ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ ვზომავთ საკუთარ თავს, სხვებიც აკეთებენ კვლევებს, სადაც გვზომავენ. ამბიცია არის გამარჯვება და ერთპიროვნული მმართველობის დასრულება. მე ხომ არ ვსაუბრობ ისე, როგორც „ოცნება“, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვალთო, მაგრამ ამოცანა იქნება დიდი წვლილის შეტანა საერთო საქმეში, სადაც „ოცნების“ დამარცხებას შეძლებს ოპოზიცია. ყველას ვესაუბრებით, ვისაც ცვლილებები სურს. რა თქმა უნდა, „ოცნება“, „ნაცები“ არჩევნების წინა პერიოდში ზემობილიზებული იქნებიან, მაგრამ შენს ხაზს თუ ვერ ატარებ, არაფერი გამოვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ორი სუბიექტის შეერთება არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ელექტორატი მიჰყვებათ, შესაძლოა, ერთად ყოფნით მეტი დაკარგონ, ვიდრე ცალკე აიღონ.

საარჩევნო კამპანიისთვის საჭიროა ფინანსები, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ჰგონიათ, ფულით ყველაფერს იზამენ, ამ პოლიტიკურ გოიმებს უპასუხებს ქართველი ხალხი, რომ ფული არ არის ის, რითიც შეგილია, ცხოვრებაში იარო და იფიქრო, რომ რადგან ფული გაქვს, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. ბევრს დაუმტკიცებია ეს, ნულიდან დაუწყია და მიუღწევია. რა თქმა უნდა, კამპანიის ფული იქნება. „ნაცებსაც“ და „ოცნებასაც“ ჰგონიათ, ფულით შეიძლება ყველაფრის გაკეთება“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.