ბაჩო დოლიძე - დანილოვის განცხადებაზე დიდი აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს, ამ განცხადებას არ ვეთანხმებით
დიდი აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს. ამ განცხადებას რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით. ეს არის ომში მყოფი ქვეყნის, მაღალი თანამდებობის პირის ემოციური განცხადება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებაის კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მთავარი ფოკუსი შენარჩუნებული უნდა იყოს, რომ საქართველო მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას.
„ჩვენი მთავარი ამოცანა ისევ და ისევ უნდა იყოს უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა და არა ის, რომ დავეხმაროთ რუსეთს, ვაქციოთ ეს ქვეყანა სანქციებიდან თავის არიდების ადგილად. შესაბამისად, ფოკუსი მთავარი შენარჩუნებული უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინას. რაც შეეხება ტერიტორიულ აღდგენას, იცით, რომ ჩვენი ტერიტორიული აღდგენის საკითხი გადის მშვიდობიან პოლიტიკაზე, მშვიდობიან მოქმედებაზე და შესაბამისად, ასეც იყო და ასეც უნდა გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟის ატეხვა ამ ემოციური განცხადების შესახებ არ ღირს. უნდა გვესმოდეს კარგად, რომ ეს ქვეყანა არის ომში და ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ ომის მოქმედებებში, მათ მიერ გაკეთებული რაღაცა განცხადება შეიძლება, არ იქნას აღქმული ისე, როგორც უნდა იყოს. რა თქმა უნდა ჩვენ ამ განცხადებას არ ვიზიარებთ“, – განაცხადა დოლიძემ.