ბაჩო დოლიძე - არჩევნების ბედი ფაქტობრივად გადაგვიწყვიტეს ე.წ. ძველმა ბიჭებმა
ბაჩო დოლიძე - არჩევნების ბედი ფაქტობრივად გადაგვიწყვიტეს ე.წ. ძველმა ბიჭებმა

არჩევნების ბედი ფაქტობრივად გადაგვიწყვიტეს ე.წ. ძველმა ბიჭებმა, რომლებიც ქუჩაში არიან, კრიმინალმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„თქვენ გინდათ, რომ თქვენი შვილი, ჩემი შვილი და ჩვენი შვილები ასეთ გარემოცვაში იზრდებოდნენ? მე ნამდვილად არ მინდა და არც ის მგონია, რომ რომელიმე ნორმალურ მოქალაქეს უნდა“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ბათუმში, 104 უბნიდან ხელახალ დათვლაზე გახსნილია 7 უბანი და ხვალ, „ნაციონალური მოძრაობა“ საოლქოში ოფიციალურ განცხადებას შეიტანს, სადაც მთლიანად ოლქის გადათვლას მოითხოვს.

„ბათუმში, 104 უბნიდან ხელახალ დათვლაზე გახსნილია 7 უბანი. ხვალ, საოლქოში შეტანილი იქნება ოფიციალური განცხადება, სადაც მთლიანად ოლქის გადათვლას ვითხოვთ. ზუსტად ვიცით უბნები, სადაც ჩვენი კანდიდატის ხმები ბათილად არის ჩათვლილი. აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, საოლქოს ვაწვდით ამ ინფორმაციას და რაღა თქმა უნდა, სასამართლოს გზითაც წავალთ“, – განაცხადა დოლიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ არის ასეთი მკვეთრი შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და ქვეყნის პარტნიორთა განცხადებებში, რომლებიც არჩევნებს კარგად ორგანიზებულ პროცესად აფასებენ, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ უბნებიდან დამკვირვებლების გამოძევება მიმდინარეობდა და ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას შანტაჟის ენით ელაპარაკებოდა, რაც აბსოლუტურად ყველა წინასწარ დასკვნაში მოხვდა, როგორც ოდირის, ისე აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„ისინი პირდაპირ აღნიშნავდენ, რომ იქ, სადაც ჩვენი დამკვირვებლებიც იმყოფებოდნენ, იქაც კი მიდიოდა დამკვირვებლებზე ზეწოლა, მათი გამოძევება და უბნებიდან დამკვირვებლებს რომ მასიურად ყრიდნენ, ეს აბსოლუტურად ყველა განცხადებაშია ასახული“, – განაცხადა დოლიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დატოვებს თუ არა პარლამენტს „ნაციონალური მოძრაობა“, რისკენაც მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ საზოგადოება მალე ნახავს ერთობლივ განცხადებას პარტიის იმ სხვა წევრების მხრიდან, რომლებიც პარლამენტში არიან.

შეკითხვაზე, როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა და რა გზით ეცდება პარტია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევას, რადგან მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაში რევოლუცია ორჯერ არის ნახსენები, დოლიძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ჰგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალების ხელით წართმეულ არჩევნებს შეეგუება, ძალიან ცდება.

„ჩვენ ამ არჩევნებს არ დავთმობთ, არც ერთ შემთხვევაში“, – განაცხადა დოლიძემ.

ბაჩო დოლიძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციას ბრძოლისკენ მოსახლეობა მოუწოდებს.

„ჩვეულებრივი მოსახლეობა მოგვიწოდებს, ბრძოლა გრძელდება, ხელები არ ჩამოყაროთო. ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ ვკარნახობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას, ჩვენივე მოსახლეობა გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ – არც ერთი ნაბიჯი უკან და გავაგრძელოთ ბრძოლა იქამდე, სანამ ამ ქვეყანაში სამართლაინობა არ აღდგებაო. აი, ეს არის და ეს“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ამ ყველაფერს გაერთიანებული კოალიცია მართავს და არა „ნაციონალური მოძრაობა“, ამ პროცესებში ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანია და აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ვისი იდეა იყო ოპოზიციის აქციის 7 ნოემბერს ჩანიშვნა, თუ ამ თარიღის გამოცხადება სპონტანურად მოხდა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში არავითარ კონსპირაციას არ ჰქონია ადგილი, უბრალოდ, დღე დასახელდა, რიცხვს არ მიექცა ყურადღება და შემდეგ გასწორდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ შვიდთან მიმართებაში შეიძლებოდა და დარწმუნებული ვარ, იქნებოდა სპეკულაცია, ამიტომ შეირჩა სხვა რიცხვი. მარტივია ეს საკითხი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.