ბაჩო დოლიძე - არ დარჩა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას
ბაჩო დოლიძე - არ დარჩა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას

არ დარჩა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამგვარი ნაბიჯებით „ქართული ოცნება“ მალე მხოლოდ რუსეთის იმედად დარჩება.

„როგორც რუსეთია დარჩენილი ნაურუსა და ნიკარაგუას იმედად, ისე იქნება ცოტა ხანში „ქართული ოცნება“ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის იმედად, რადგან ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ზურგი აქცია, ყველა მიუთითებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ჩამოაყალიბა ავტოკრატიული მმართველობა, რომელიც სინთეზშია ოლიგარქიულ მმართველობასთან. ასეთი ტიპის მოდელი ვერ იმუშავებს ევროპულ სამყაროში, შესაბამისად, როდესაც ქვეყანას პრეტენზია აქვს, ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილი იყო, ანუ ცივილურ ევროპაში, ამ დროს „ქართული ოცნება“ მიგვათრევს საბჭოთა კავშირში, ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს მოსახლეობასთან“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძის თქმით, მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის დამტკიცების შედეგად, ყველას მოსმენა იქნება შესაძლებელი.

„კანონპროექტი მორგებულია პოლიციურ რეჟიმს, რომელიც ჩამოაყალიბა „ქართულმა ოცნებამ“. ეს ნიშნავს, რომ გაფართოვდა წრე, თუ დავუშვათ აინტერესებთ ბაჩო დოლიძის მოსმენა, თავისუფლად შეუძლიათ უკვე მშობლების, შვილების, მეუღლის, აბსოლუტურად ყველა ადამიანის მოსმენა. ასეთი რაღაცები კი ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ბელორუსია, რუსეთი და ა.შ. ქვეყანას ყველა ნაბიჯით აახლოვებენ ამ დიქტატურულ რეჟიმს. სწორედ ამიტომ იყო შეშფოთება ვენეციის კომისიის მხრიდან და დადეს წინასწარი ანგარიში. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ, რათა გათვალისწინებული იყოს ქართველი ხალხის ინტერესი და არა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის გუნდის ინტერესი“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

ვენეციის კომისიამ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ გადაუდებელი მოსაზრება დღეს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით დამუშავებას.