ბაჩო ახალაია - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს შვილებს, ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე
ბაჩო ახალაია - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს შვილებს, ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე

ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეზე მისთვის 9 წლიანი სასჯელის შეფარდებას.

ახალიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ. ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად, მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. ისინი უნდა წარსდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოყვნენ ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება და რატომ ახორციელებდნენ ასეთ ბინძურ დავალებებს“, – აღნიშნულია ახალაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეში ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილიც და მას ოთხი წლით პატიმრობა მიესაჯა.