ბაჩანა არაბული მძიმე ტრავმას გადაურჩა
ბაჩანა არაბული მძიმე ტრავმას გადაურჩა

საბერძნეთის „პანიონიოსის“ ქართველი თავდამსხმელი ბაჩანა არაბული სერიოზულ ტრავმას გადაურჩა – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „გაზეტა“ ავრცელებს.

საბერძნეთის სუპერლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა და გუნდები ფინალურ ჯგუფებში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა და აუტსაიდერთა ჯგუფში მოხვდა, სადაც პირველი ტური გაიმართა.

„პანიონიოსმა“ „სტადიო ნეა სმიმისზე“ „ვოლოსს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. არაბული მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. მიზეზი ტრავმა გამოდგა – ექიმების ვარაუდით, ქართელ თავდამსხმელს ფეხის მძიმე მოტეხილება ჰქონდა. საბედნიეროდ, ეს ვარაუდი არ დადასტურდა.

„ბაჩანა არაბული „ვოლოსთან“ პლეი-ოფის შეხვედრისას შეცვალეს. თავდაპირველი დიაგნოზი არასასიამოვნო იყო. იყო შიში, რომ „პანიონიოსის“ ქართველმა ბომბარდირმა (6 გოლი გუნდის 17 გოლიდან) მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებდა. საბედნიეროდ, ამ ამბის დასასრული სასიამოვნო აღმოჩნდა. ფეხბურთელის გამოკვლევამ აჩვენა, რომ არაბულის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ქართველი თავდამსხმელი მხოლოდ ტრიპოლში „ასტერასთან“ ორშაბათს დაგეგმილ (15 ივნისს) შეხვედრას გამოტოვებს“ – წერს „გაზეტა“.