ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა

22:14, 19.07.2026

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფელი ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფელი ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა. ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ამის გამო აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ. ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.

მსგავსი