აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის (BCAGC) ინიციატივით, რეგიონული ტურნე „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ იმართება
მიმდინარე წლის 24 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით საქართველოს რეგიონებში, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის (BCAGC) ინიციატივით, უპრეცედენტო მასშტაბის რეგიონული ტურნე „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ იმართება.
ინფორმაციას აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ღონისძიება ათვლის წერტილს 24 მარტს ქალაქ ბათუმიდან იღებს, მსვლელობას აგრძელებს ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში, ხოლო დასკვნით შემაჯამებელ შეხვედრას თბილისში 4 აპრილს მართავს.
„ტურნეს „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ნაწარმს არაბული ქვეყნების ბაზრებზე, უზრუნველყოს პოტენციური ინვესტორების პირისპირ შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან, ხოლო დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში ხელი შეუწყოს საქმიანი ურთიერთობისა და ბიზნესგარიგებების ჩამოყალიბებას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და დედაქალაქში ეკონომიკური ქტივობის დეცენტრალიზაციისთვის. თავის მხრივ, BCAGC ადგილობრივ მეწარმეებს გაუწევს კონსულტაციას და პროფესიულ დახმარებას არაბულ ბაზრებზე პროდუქციის წარმატებით ექსპორტირებასა და ბაზრების ათვისებაში. შეხვედრაზე მიწვეულები არიან რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, მეწარმეები და ფერმერები, ბიზნესით დაინტერესებული ადამიანები. დამსწრე აუდიტორია სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს შემდეგი საკითხების შესახებ: ქართულ წარმოებაში არსებული ტენდენციები და გამოწვევები; ადგილობრივი აგროკულტურა; გალფის ქვეყნების ბაზრის სპეციფიკა – ტენდენციები და მოთხოვნები; მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებზე ქართული წარმოების საექსპორტო შესაძლებლობები; პრაქტიკული რჩევები ექსპორტის პროცესის შესახებ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.