აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ტაიფუნი „ბავი“ უახლოვდება
აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ტაიფუნი „ბავი“ უახლოვდება, რის გამოც საგანგებო მზადება მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ჩინეთის, იაპონიისა და ტაივანის რამდენიმე რეგიონში ათეულობით ავიარეისი გაუქმდა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, ხოლო მოსახლეობამ სუპერმარკეტებიდან პირველადი მოხმარების პროდუქტების მომარაგება დაიწყო.
ამასთან, ფილიპინებში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსვერპლა. ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე მეწყერის შედეგად რამდენიმე ოჯახი მიწის ქვეშ მოყვა. სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ დაკარგულთა ძებნას. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერი და ხანგრძლივი წვიმები უქმეების განმავლობაში გაგრძელდება.
სინოპტიკოსების განცხადებით, ტაიფუნის შედეგად უხვი ნალექი მოსალოდნელია ტაივანის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე იაპონიის შორეულ კუნძულებზე, რის შემდეგაც შაბათს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწევს.
ტაივანის ხელისუფლების განცხადებით, ტაიფუნმა, შესაძლოა, ზოგიერთ რაიონში ერთ მეტრამდე ნალექი გამოიწვიოს. საგანგებო სიტუაციებისთვის 29 000 სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული.
ტაიფუნისთვის ემზადებიან იაპონიაში, საკიშიმას კუნძულების მცხოვრებლებიც. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ ამაგრებენ ისინი სახლებისა და მაღაზიების ფანჯრებს და ქარისგან დამცავ ბადეებს აწყობენ.
რაც შეეხება ჩინეთს, მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ ტაიფუნი ფუძიანის პროვინციის შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთის მიმართულებითაც შეიძლება გადაადგილდეს და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს.