აზიის განვითარების ბანკმა ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა
აზიის განვითარების ბანკმა ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ.

მათივე ცნობით, საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ფასიანი ქაღალდის გამოშვებისთვის ხელსაყრელი გარემოა.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქტიურობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ განვითარებას. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) პირველი ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები კერძო განთავსებით ჯერ კიდევ 2015 წელს გამოუშვა, ხოლო ამჯერად, უკვე საჯარო შეთავაზებით, 2 ახალი სასესხო ფასიანი ქაღალდი, სამი და ხუთწლიანი ვადიანობის, 30-30 მლნ. ლარის ნომინალით გამოუშვა“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვება და ანგარიშსწორება ამჯერად განხორციელდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების განახლებული სისტემის (GSSS) მეშვეობით. ეროვნული ბანკი ამ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორია, ხოლო საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტორი (GCSD) კი ამ ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარია. აღსანიშნავია, რომ ADB-ის ახალი ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზეც განთავსდება.

2018 წლის დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა (GSSS) დანერგა, რომელიც, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემასთან ერთად, ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების ძირითადი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაა. GSSS სისტემის დანერგვით ეროვნულმა ბანკმა, კაპიტალის ბაზრის გრძელვადიან განვითარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ბაზარზე ლარით გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ სახსრებს სხვადასხვა პროექტების ლარით დასაფინანსებლად იყენებენ, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში ლარიზაციას უწყობს ხელს”, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.