აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს 19.5 მილიონ ლარით დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს 19.5 მილიონ ლარით დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს 19.5 მილიონ ლარით დააფინანსებს. ინვესტიცია ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებულ ობლიგაციებში განხორციელდება.

ბანკის ცნობით, მოზიდული თანხებისა და კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით მოხდება „ევექსის ჰოსპიტლების“ ვალის ნაწილის რეფინანსირება და კომპანიის საოპერაციო ეფექტიანობის, მომსახურების ხარისხისა და მმართველობის ხელშეწყობა.

დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებას აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა და „ევექსის ჰოსპიტლების“ დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა მოაწერეს ხელი. ობლიგაციების საერთო მოცულობა 50 მილიონ ლარს შეადგენს.

„აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამას და ქვეყნის მოქალაქეებისთვის მომსახურების დონის ამაღლებას. ის ასევე ხაზს უსვამს აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს კაპიტალის ბაზრების ხელშეწყობას, განსაკუთრებით კი, კორპორაციული ფასიანი ქაღალდებისა და ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების სფეროში. მოხარული ვართ, ხელი შევუწყოთ როგორც კაპიტალის ბაზრებს, ასევე ქვეყნის ადამიანურ რესურსებში ინვესტიციას“, – აცხადებს შეინ როზენტალი.