აზიის განვითარების ბანკი რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკი რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

შეთანხმება ითვალისწინებს 255,297,000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობის მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, წარმოადგენს რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთს.

უწყების ცნობით, რთული გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 35 ხიდისა (ჯამური სიგრძით 8.3 კმ) და 20 გვირაბის (ჯამური სიგრძით 9.4 კმ) მშენებლობა.

ამასთან, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას, მგზავრობისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შემცირებას, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის განვითარებაზე.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში დასრულდება.