აზიის განვითარების ბანკი პრეზიდენტი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს
აზიის განვითარების ბანკი პრეზიდენტი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს

რა დახმარების გაწევა შეუძლია, აზიის განვითარების ბანკს (ADB) საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ – აღნიშნული საკითხი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

„აზიის განვითარების ბანკი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს შექმნილ რთულ ვითარებაში და განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა ქვეყანას სწრაფად და ეფექტურად დავეხმაროთ. ADB მზად არის, იმუშაოს მთავრობასთან და მთავარ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, იზრუნოს მოსახლეობის ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა, დამატებით კერძო სექტორის დასახმარებლად“, – განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ბანკის მხრიდან გამოთქმული მხარდაჭერისა და წევრ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ინტენსიური კომუნიკაციისთვის.

„პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადგომას,“ — აღნიშნა მინისტრმა.

როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული, საქართველო ორმაგ შოკს განიცდის პანდემიის პირდაპირი და ნავთობზე ფასების დაცემის არაპირდაპირი ზემოქმედების გამო. დარტყმა განსაკუთრებით რთული ტურიზმისა და მომსახურების სხვა სექტორებისთვის იქნება. ნავთობის ფასების დაცემა ნეგატიურად მოქმედებს მეზობელი ქვეყნებიდან გადარიცხვებზე და აღნიშნულ ქვეყნებში ზრდის ტემპის შენელება ვაჭრობის შესუსტებასაც იწვევს.

ბანკის პრეზიდენტმა ასაკავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო წამყვანი რეფორმატორია და ამან ქვეყანას საშუალება მისცა, პანდემიის წინააღმდეგ მტკიცე საპასუხო ქმედებები განეხორციელებინა, მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები მძიმედ დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ეკონომიკის სტიმულირებისკენ მიმართული კაპიტალდაბანდებები და ფინანსებთან გაუმჯობესებული წვდომა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და კერძო პირებისთვის. ეს ნაბიჯები საქართველოს რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში დაეხმარება და საფუძველს ჩაუყრის სწრაფ ეკონომიკურ გაჯანსაღებას.

2020 წლის 18 მარტს, აზიის განვითარების ბანკმა დაახლოებით 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, „კოვიდ-19“-ის პანდემიის საპასუხოდ მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პირველადი საჭიროებებისთვის. ADB მზადაა, საჭიროებისამებრ ქვეყნებს დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია 68 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდან არის.