არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ დაბიში აზიის ჩემპიონი გამოვლინდა. აზიის თასის ფინალურ მატჩში იაპონიისა და ყატარის ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს.
27-ე წუთისთვის ყატარელები ორი ბურთით იგებდნენ – მაკრატელათი ანგარიში გახსნა ალმოეზ აბდულამ, მეორე გოლი კი ლამაზი მოჭრილი დარტყმით აბდულაზიზ ჰატემმა გაიტანა.
69-ე წუთზე იაპონიამ ერთი გოლი გაქვითა – მრავალსვლიანი კომბინაცია დაასრულა ფორვარდმა ტაკუმი მინამინომ. თუმცა, 83-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში იაპონელებმა ხელით ითამაშეს და პენალტი აქრამ აფიფმა გამოიყენა – 3:1.
ყატარისთვის ეს ისტორიული მიღწევაა – ის პირველად თამაშობდა აზიის თასის ფინალში და პირველივე ცდაზე მოიპოვა ტიტული. ცნობისთვის, იაპონია ოთხჯერ იყო კონტინენტის საუკეთესო გუნდი.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში გაიმართება.