აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 30 ფარმაცევტული კომპანია „მერკის“ მიერ დამზადებული „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატის იაფი ვერსიის წარმოებას დაიწყებს
აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 30 ფარმაცევტული კომპანია „მერკის“ მიერ დამზადებული „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატის იაფი ვერსიის წარმოებას დაიწყებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიკამენტის წარმოება გაერო-ს თაოსნობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოხდება, რომლის მიზანიცაა, „კოვიდ-19“-ის სამკურნალო აბი ღარიბ ქვეყნებშიც ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს.
საუბარია კოვიდინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტ მოლნუპირავირზე. როგორც ცნობილია, მედიკამენტის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „მერკმა“ პანდემიის პერიოდში წამლის იაფი ვერსიის გაყიდვებიდან შემოსავლის მიღებაზე უარი განაცხადა.
შეთანხმების თანახმად, მოლნუპირავირი 105 ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი და 40 აბის ღირებულება 20 დოლარი იქნება. ამჟამად აშშ-ში 40 აბი მოლნუპირავირი 700 დოლარი ღირს. „კოვიდ-19“-ის წამლის იაფი ვერსიის გაყიდვები სავარაუდოდ თებერვლიდან დაიწყება.
მოლნუპირავირის გამოყენება „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ აშშ-ში დეკემბერში დაამტკიცეს, თუმცა მკვლევრების ნაწილი ამბობს, რომ მედიკამენტი ნაკლებად ეფექტურია, რის გამოც ქვეყნების ნაწილი მის შესყიდვაზე უარის თქმას აპირებს.
მოლნუპირავირი ასევე არ არის ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. როგორც გაერო-ში აცხადებენ, მათ ასევე მიაღწიეს შეთანხმებას კომპანია „ფაიზერთან“, რათა მის მიერ დამზადებული „კოვიდ-19“-ის სამკურნალო აბის „პაქსლოვიდის“ წარმოება სხვა ფარმაცევტულმა კომპანიებმაც შეძლონ.