აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ლაჩინის დერეფანში, რუსი სამხედროების ბლოკსაგუშაგოსთან აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას მართავენ
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ლაჩინის დერეფანში, რუსი სამხედროების ბლოკსაგუშაგოსთან აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციას მართავენ

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციები, უკვე ექვსი საათია, მართავენ საპროტესტო აქციას რუსი სამხედროების ბლოკსაგუშაგოსთან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელ სპეციალისტებს უარი უთხრეს, აზერბაიჯანული საბადოების უკანონო ექსპლუატაციის მონიტორინგი განახორციელონ.

აზერბაიჯანელი დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ ადგილზე ჩავიდეს რუსული სამშვიდობო ძალების მეთაური ანდრეი ვოლკოვი. აქტივისტებმა გაშალეს კარვებიც და, სავარაუდოდ, ისინი პროტესტის გაგრძელებას ღამითაც აპირებენ.

საქმე ეხება კიზილბულაგის ოქროსა და დემირლის სპილენძ-მოლიბდენის საბადოებს. ბაქოში აცხადებენ, რომ „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების საბადოებს ძარცვავენ“. მთიან ყარაბაღში ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანმა რუსეთს დიპლომატიური ნოტაც გაუგზავნა.

თავის მხრივ, სომხური მედია წერს, რომ „აზერბაიჯანელებს, უკვე ექვსი საათია, ბლოკირებული აქვთ სომხეთისა და არცახის დამაკავშირებელი გზატკეცილი“.

მათივე ინფორმაციით, „ჩახერგილ გზაზე იმყოფება ასობით ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ასევე ვერ ხერხდება მედიკამენტების ტრანსპორტირება, რაც ჰუმანიტარულ სიტუაციას ამწვავებს“.

კავკაზკი უზელისცნობით, რუსმა სამხედროებმა ადგილზე მიიყვანეს ჯავშანტექნიკა და მათი დისლოცირების ადგილისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ შედგა სატალეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის. სომხური მხარის ინფორმაციით, პუტინმა და ფაშინიანმა „ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული სიტუაციის დარეგულირებაზე იმსჯელეს“.